პროექტი"აქჩემისახლია"არისმანათობელიშუქურა,რომელიცგზასჩვენისახლებისკენგაგვინათებს.

ჩემო  თანამემამულენო!
    აფხაზეთში   ისტორიული  ბედუკუღმართობით  გამოწვეულმა  თავსმოხვეულმა, ძმათა  მკვლელმა ომმა,   1993  წლის  27  სექტემბერს,  განაჩენი  გამოგვიტანა...დაეცა  სოხუმი, დავტოვეთ  ჩვენი მიწა-წყალი, დავტოვეთ მთელი ცხოვრების  მანძილზე  ნაჯაფარ-ნაამაგარი,სათუთად  ნალოლიავები  ნივთები,მამა-პაპისეული  საფლავები….გოლგოთა გამოვიარეთ და  მიმოვიფანტეთ  ქვეყნის  სხვადასხვა  მხარეს... იყო უიმედობა, დეპრესია, დროში გაწელილი  ტკივილი  და მოლოდინი... მაგრამ, ჟამთასვლამ, მიგვაჩვია  ლოდინს  და  ჩვენს ტკივილთან ერთად არსებობას...
     რამდენი  ადამიანის  სიცოცხლე  შეიწირა  ამ უთანასწორო  ომმა...იმ  ავბედით  დღეებში  ბრძოლის ველზე დაცემულს, ოჯახი  თუ  დაიტირებდა    „ბედნიერებად“ითვლებოდა, თუ  შეიძლება  ამას  „ბედნიერება“  ეწოდოს, რადგან  ჭირისუფალი   მას  სათანადო  პატივს მიაგებდა  და  სამუდამო  განსასვენებელს  მიუჩენდა....    მაგრამ ბევრს, ესეც  არ  ერგო  წილად და  ისინი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად  ითვლებიან... ყველაზე  მეტი  საშინელებაა, როდესაც    ოჯახის  წევრს,  ნათესავს,  ახლობელს   ჰკარგავ… ყველაფრის  აღდგენა  შეიძლება, მაგრამ  დაკარგული სიცოცხლისა  ვერა...
     ყველა თაობას  თავისი გმირები  ჰყავს და ეს  გმირობა   მათ  თავგანწირულ  ქმედებებში და მხედრულ ღირსებაშია,      ისინი  მამულისთვის იბრძოდნენ  და ქვეყნის სიყვარულს  შეწირულები   არიან... ამ  ინსპირირებული  ომის  შედეგად  სამად  გახლეჩილი  საქართველო   მივიღეთ, რომელიც   ქართულ-აფხაზურ  და ქართულ-ოსურ კონფლიქტად მოინათლა... 
      ეპოქას   ადამიანები  ჰქმნიან,  ჰქმნიან  თავიანთი  ნათელი  გონებით,  საკუთარი  პასუხისმგებლობით  ქვეყნისა და ერის წინაშე, სამშობლოსადმი  უანგარო სიყვარულით. ასეთი  სიყვარულითა  და ენთუზიაზმით   შექმნა  ქალბატონმა სვეტლანა  ჩხვიმიანმა  პროექტი  „აქ  ჩემი სახლია“,  რომლის პრეზენტაციაც  დღეს გახლავთ.
     ამ პროექტს,  წინ  უსწრებდა  მისივე  ინიციატივით  შექმნილი  ჯგუფი „განახლება“, ინტერნეტში  ამ ჯგუფის  გამოჩენა    იყო  უდიდესი  მუხტი   თითოეული  ჩვენთაგანისთვის,  რომელმაც  ჩვენ  წარსულში     დაგვაბრუნა,  თითქოს მივიწყებული, მიძინებული  და  ჩვენს  მეხსიერებაში  დალექილი  ზედაპირზე   გამოიტანა, სადაც  ბევრი  სევდა,  მწუხრი და ტკივილია....მაგრამ, ამავდროულად  “მარგალიტებიც“  ბლომადაა,  რომელიც  ჩვენს ლაღ და ბედნიერ  ცხოვრებას   გვახსენებს.......ეს  მოგონებები,  სახსოვრად   შემორჩა  ჩვენს მეხსიერებას....
   რაც ეს ჯგუფი არსებობს, ქალბატონ სვეტლანას  თაოსნობით,ბევრი რამ გაკეთდა..მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს მიმოფანტული ჩვენი თანამემამულეები   გაგვაერთიანა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ჩაგვისახა.  ჰქონდა  ვიდეო  ჩართვები, საქართველოს  სხვადასხვა  რეგიონებიდან,  სადაც მონაწილეობდნენ  ჩვენი  ხანდაზმული  პედაგოგები,  ჩვენი  სოფლის  სანაქებო ადამიანები და სხვადასხვა თაობის  წარმომადგენლები. გამოვიდა ფილმი “ დაუკარგავი  იმედი”,  ქალბატონ  ეკატერინე  ხაინდრავას  სპონსორობით,რომელიც ჩვენი კუთხის საამაყო  შვილია. შედგა   ფილმის  პრეზენტაციაც .საოჯახო  ალბომებიდან  შეიქმნა  ფოტოგალერეა, მივიღეთ  უამრავი  ინფორმაცია,  გავეცანით ახალ  თაობას და გავიგეთ  მათი წარმატებული საქმიანობის შეასახებ.
    პროექტმა,ამავდროულად   მოგონებათა  მორევში ჩაგვითრია... ვირტუალურად, ფიქრებში,  დავდივართ  ჩვენი    სოფლის  შარაგზებზე, შუკა-შუკა,   ვათვალიერებთ  ჩვენს  ნასახლარებს, ერთ დროს კოპწია ეზოებითა და ლამაზი სახლებით… დღეს კი, ეკალ-ბარდებით  დაფარულს, ზოგან გადამწვარს ,  ზოგან  დანგრეულს...დიდია  გულისტკივილი, დიდია ნოსტალგია....თუ  დაბრუნება  იქნა და ღმერთმა   ქნას  დავბრუნდეთ, ჩვენი ხალხი  მშრომელი,  გამრჯე  ხალხია და ფენიქსივით ფერფლიდანაც აღსდგება...  ჩვენ სიყვარულით უნდა  ვიბრძოლოთ და გამოვნახოთ  გზები  ურთიერთობების   გამოსწორებისკენ,  გზები  შერიგებისკენ..... აფხაზეთი   ხომ  ჩვენია,  ჩვენი  მოუშუშებელი  ჭრილობა და ტკივილია,  ჩვენი  მონატრებაა და მე ვისურვებდი  ეს პროექტი „ აქ ჩემი სახლია“   ყოფილიყოს მანათობელი შუქურა,რომელიც  გზას ჩვენი  სახლებისკენ გაგვინათებს...
    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო  ქალბატონებს:  სვეტლანა ჩხვიმიანს და შორენა  გოროზიას, მათი  დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმისთვის,  ეკატერინე  ხაინდრავას  ფინანსური მხარდაჭერისთვის,  შემომწირველებს, აქტივისტებს, რომელნიც  თავიანთ  წილ აგურებს დებენ  ამ საშვილიშვილო  საქმის  ბოლომდე მისაყვანად.
  კიდევ ერთხელ  მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი „აქ  ჩემი სახლია“
ყოფილიყოს გამამთლიანებელი იმ ჩატეხილი  ხიდისა და მანათობელი
შუქურა, რომელიც  გზას  ჩვენი სახლებისკენ  გაგვინათებს!!!
   გფარავდეთ უფალი!!!
                                                       ც.კვარაცხელია
                                                                      27 სექტემბერი,  2018 წელი