კოჩარადაკოჩარელები

კოჩარა -  სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:ლაბრა, ცხენისწყალი, ჭლოუ). ზღვის დონიდან 200 მ, ოჩამჩირიდან 25 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

კოჩარა ეკონომიურად ძლიერი სოფელი იყო, სადაც 1200-ზე მეტი ოჯახი და 5 700-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

სოფელში  ფუნქციონირებდა  ხუთი დაწყებითი, ერთი რვაწლიანი და ერთი საშუალო სკოლა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობაა 800-ს აღემატებოდა. პედაგოგიური კოლექტივი 75-ზე მეტ მასწავლებელს ითვლიდა. 

კოჩარის მუსიკალურ სკოლაში 120-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა. მოსახლეობას ემსახურებოდა  26-საწოლიანი საავადმყოფო და ამბულატორია.

ფუნქციონირებდა ხუთი საბავშვო ბაღი და ერთი ბაგა-ბაღი.

კოჩარას ამშვენებდა 450 ადგილიანი კულტურის სახლი. კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის გუნდი, ასევე  საესტრადო ანსამბლი „ნანინა“ ბრწყინვალედ გამოდიოდნენ სხვადასხვა  კონკურსებზე და ოლიმპიადებზე.

კოჩარას ჰყავდა ძლიერი საფეხბურთო  გუნდი, სწორედ ამ გუნდში დაიწყო თავისი სპორტული კარიერა კოჩარის საამაყო მკვიდრმა  და საქვეყნოდ ცნობილმა ფეხბურთელმა  მურთაზ შელიამ.

კოჩარაში იყო  საქართველოს ერთ-ერთი  მოწინავე  ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა.

ღონიერად ცხოვრობდა სოფელი, ამჟამად კი  ეკალბარდებითაა დაფარული და იქ ნადირ-ფრინველნი ბინადრობენ.

 

გლოვის ზარებმა შესძრა ქვეყანა,

მწუხრის ზეწარმა ზეცა დაფარა.

დაცარიელდა მშობელი კუთხე

და ობლად დარჩა ჩემი კოჩარა!

 

ოი,რამდენი კერა გაცივდა,

მთელმა სოფელმა შავი ჩაიცვა.

ბევრს ვერ ეღირსა  მიწა-საფლავი

და კიდევ ბევრი ფერფლად დაიწვა.

 

მშობლიურ კერას მოწყვეტილები,

მიმოიფანტა ბედის ამარა.

დაქვრივდა ქალი, დაობლდა ბავშვი,

მათ ცოდვამ მტერი არ გაახარა.

ჩემო ტანჯულო კოჩარელებო,

ჩემს გულის ტკივილს მიხვდებით ალბათ.

ნუგეში მინდა გითხრათ სუყველას,

ყველას წინაშე ქედს ვიხრი დაბლა.

 

ჩემო კოჩარა, ჩემო მშობელო,

ზეღმერთს შეხედე, ნუ გვებუტები

ობლად დარჩენილ საფლავებს ვფიცავ,

დაგიბრუნდებით, დაგიბრუნდებით.

 

ხუტა ვეკუა