რაარისჩემთვისსახლი?...ანუუბრალოდსახლი

ზოგისთვის სახლი  შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რასაც ის აღნიშნავს; სახლს როგორც წესი აქვს კედლები, იატაკი და ჭერი, ასევე კარები, ფანჯრები და ოთახები. შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სართული, სახლში შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანების დიდი რაოდენობა... ხანდახან სახლის გარემომცველ მიდამოში არის ეზოც - როგორი მშრალი  განმარტებაა!...

იქნებ ჩემთვისაც მხოლოდ ეს ახსნა ჰქონოდა ამ სიტყვას, განგებას რომ არ მოვეგლიჯეთ მშობლიური ფესვებიდან!... ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: რას ვგრძნობ როდესაც ჩემს სახლზე ვფიქრობ.? ერთ დღეს ასეთი  შედარება ამომიტივტივდა: როგორც გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება არ შეიძლება და მოუშუშებელი ტკივილია, ასეთივე გულისწყვეტით გასააზრებელია საძირკვლამდე განადგურებული, გადამწვარი და გაჩანაგებული ეზო-კარის წარმოდგენა. ჩვენ ხომ ისინი ამაყად მდგარი დავტოვეთ და ასეთივე დაგვამახსოვრდა?!... უფრო მეტიც, კარიც კი გამოვკეტეთ და გასაღებიც თან წამოვიღეთ!!!

არასოდეს დამავიწყდება ის გრძნობა, 23 სექტემბერს, როდესაც თურმე სამუდამოდ ვტოვებდი მშობლიურ სახლ-კარს, როგორ ვიდექი და ვუყურებდი ეზოდან სახლს, რომელთან განშორებაც ძალიან მიჭირდა, მერე კიბეზე ავირბინე, ხომ არავინ მიყურებს მეთქი, უკან მოვიხედე და სახლის კედლები დავკოცნე... ზუსტად ისე დავკოცნე, მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე რომ აცილებენ და შუბლზე უკანასკნელად ეამბორებიან ახლობლები. მაშინ ასე არ ვფიქრობდი... მაშინ მხოლოდ სახლის დაკარგვის გაფიქრების მეშინოდა!... ეს იყო შიში, შინდაუბრუნებლობის შიში! არ ვიცი რატომ, წინათგრძნობა იყო თუ რა, ყოველთვის მეშინოდა სახლი არ დაგვწვოდა... სოხუმის დაცემიდან 8 თვის შემდეგ სახლი დაწვეს... რომელთან ერთადაც ჩაიფერფლა ჩემი უზრუნველი, ბედნიერი ბავშვობის წლებიც... ხანდახან ვფიქრობ, რა დამრჩა მისგან? თვალს ვხუჭავ და კადრები ისევ ისე ცოცხლდება ჩემში, ვფიქრობ ვიდრე ცოცხალი ვიქნები ჩემი სახლი იქნება ჩემში... გულში, სულში და თვალებში... მიყვარს თვალები, რადგან მათ შემოინახეს საგულდაგულოდ დაუვიწყარი მოგონებები. და იცით რა მიხარია? მიხარია, რომ ეს მოგონებები გულს მწვავს, სულს მიშფოთებს, სისხლს მიმღვრევს, გული ყელში მეჩხირება და ცრემლს მადენს! ეს კარგია! ეს არის საზომი, ინდიკატორი, თავი შევამოწმო ხომ არ გამნელებია მშობლიური ცისა და მიწის სიყვარული?!                 - არასოდეს!

- ჩვენ დავბრუნდებით!

- მომავალ შეხვედრამდე, ჩემო განახლებავ! 

 

ავტორი თამარ ივეჩიანი