"ჯარისკაცის მამა"

-არ გეგონოს, რომ არ მიყვარხარ, ვიცი როდესაც დავალებაზე გაგზავნი შეიძლება არ დამიბრუნდე, მაგრამ ისიც ვიცი ყველაფერს გააკეთებ რაც შესაძლებელი იქნება. სხვა რომ გავუშვა და არ დამიბრუნდეს როგორ ჩავხედო მის ოჯახს თვალებში, ხომ იტყვიან თავისი შვილი შეინახა და ჩემი გასწირაო...- თითქოს ცეცხლში ამოიკითხა ეს სიტყვები... თავი ავტომატზე ჩამოედო და კოცონს  უყურებდა, თავის მოუბრუნებლად გააგრძელა,  -მე სხვაგვარად არ ძალმიძს შვილო და გთხოვ ამათ ნათქვამს ყურს ნუ უგდებ.- ეს იყო პასუხი უხერხულ კითხვაზე, რომელიც საგუშაგოზე კოცონის ირგვლივ შეკრებილმა მეომრებმა დაუსვეს.- ერთადერთი გვარის გამგრძელებელი თან გახლავს საომრად და რთულ დავალებებზე ყოველთვის მას აგზავნი, არ გეშინია უბედურება რომ შეემთხვესო? (სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ეს სიტყვებია პატრიოტიზმი). თუმცა მხოლოდ ამ სიტყვებით არ შემოიფარგლა ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერის, “განახლების“ ასეულის მეთაურის ზაური კვაშილავას პატრიოტიზმი... ეროვნული მოძრაობიდან ერთი ბრონირებული ჟილეტი ჰქონდა შემორჩენილი და ართუ თვითონ, თავის შვისაც არ გამოუყენებია, ყოველთვის სხვას აცმევდა... 52 წელი ღირსეულად იცხოვრა, სოფელში „ბაბუს“ ან „ჯარისკაცის მამას“ ეძახდნენ. ყოველთვის სტკიოდა ქვეყნის ბედი, ყოველთვის იქ იყო სადაც მამულს სჭირდებოდა... იმ ავბედით დღესაც 1992 წლის 3 დეკემბერს ათარა არმიანსკისა და ათარა აფხაზსკის საზღვართან შეტაკების დროს თავისი  ვაჟი (ვაჟი რომელიც 1 დეკემბერს გახდა 21 წლის და იმ დღეს იყო ზაურის ბოლო ქეიფი (მას შემდეგ არ უჭამია) ეროვნული მოძრაობისდროინდელ მეგობრებთან და ახლობლებთან, ყველას თვითონ ემსახურებოდა და განსაკუთრებით ეფერებოდა ყველა სტუმარს) ედგა გვერდით, როცა გმირულად შესწირა სიცოცხლე სამშობლოს! მას იმდენად უყვარდა განახლება, რომ ალბათ ვერ შეძლებდ განახლების გარეშე არსებობას  და იქ დაიმკვიდრა სამუდამო განსასვენებელი...  

“ცა-ფირუზ,ხმელეთ-ზურმუხტო,ჩემო სამშობლო მხარეო,                                                                      

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!...“