15 წლის გოგონას 15 დღიანი ტყვეობა

 ომის სისასტიკეში ჩაბნეული სიკეთის მარცვლებმა გაღვივება დაიწყო, რომლისგანაც სიკეთის ხე უნდა აღმოცენდეს...

მტყუან მართლის ძიებას არ დავიწყებ... 

მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ ჩემი 15 დღიანი ტყვეობიდან. მაშინ 15 წლის ვიყავი აფხაზეთის ომი რომ დაიწყო. ჩემი სოფელი  მოვლენათა ეპიცენტრში იყო და პირველი კოჩარა და კოჩარელები დავზარალდით.

მე ზუგდიდში გამიშვეს ერთი დღით ადრე კოჩარის აღებიდან, თვითონ მშობლებმა 6 თვიანი ტყვეობა გამოიარეს. მშობლებს მონატრებული ვიყავი და  ე.წ. " პერემერიის"  დროს,როცა სტუდენტებიც კი დაბრუნდნენ სოხუმში, მე მშობლებთან ერთად დედულეთში სოფ. განახლებაში დავრჩი. თუმცა სოხუმი მალევე დავკარგეთ და დედასთან ერთად 15 დღიანი ტყვეობა გამოვიარე.

 ახალგაზრდები ტყეში ერთად ვიმალებოდით... ირგვლივ შიში და სისასტიკე იყო გამეფებული... ეს ყოველივე მოსაყოლად ძალიან რთულია, მაგრამ ამჯერად მინდა ის კარგი ისტორია მოვყვე, რაც ერთ აფხაზს უკავშირდება, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა! 

როგორც გითხარით სოფლის ახალგაზრდობა ტყეში გახიზნულები ვიყავით. მოხუცები (მათ შორის ბებიაჩემიც)  სახლებს არ ტოვებდნენ იმ იმედით,  რომ მათ ხელს არ ახლებდნენ. ისინი ახერხებდნენ  ტყეში გახიზნულებისთვის საჭმლის მომზადებას და რიგრიგობით მივდიოდით საკვების წამოსაღებად. ერთ დღეს მე მომიწია ხიზნების მომარაგება... 

შიშს დიდი თვალები აქვსო... გაფართოებული თვალების ცეცებით და ფეხაკრეფით დავდიოდი სახლში... ვჩქარობდი... მინდოდა  თბილი ტანსაცმელი წამეღო, რადგან შეგვცივდა ღამე ტყეში. საძინებელში შევედი და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე... თავი ავწიე...ჩემს წინ სარკეში ჩავიხედე და გავშეშდი.... სარკიდან თეთრებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი მიყურებდა... 

შემატყო შიში და რუსულად მითხრა:- ნუ გეშინია, მტერი არ ვარ შენი დახმარება მინდაო... შიში გაკვირვებამ ჩაანაცვლა...მაგრამ  ეს ემოცია მხოლოდ სახეზე შეიცვალა... სხეული ისევ შიშისაგნ იყო დაკრუნჩხული... 

ამიხსნა,  რომ ის თავის თავს მოვალედ თვლიდა ქართველებს დახმარებიდა, რადგან დის შვილებიც ქართველები ჰყავდა. მითხრა რომ იყო ქ.ოჩამჩირედან, ფეხბურთელი,. გვარი ზუსტად მახსოვს კაკუბავა, სახელს ვერ ვიხსენებ. 

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ამ მდგომარეობაში ვიყავი, მას ვენდე, სხვა გზა არც გვქონდა. მახსენდება ფილმი ,, ბაში-აჩუკი", ის მომენტი ტყეში გახიზნულებთან მელანოს რომ მიჰყავს აბდუშაჰილი...  ისე მეც ჩვენს სამალავში მივიყვანე. გაოცდა -  რამდენი ყოფილხართო! 

იმ დღეს სოფელში ბევრი ადამიანი დახოცეს.  ჩეჩნები და ათასი რჯულის გადამთიელი, დაუნდობელი, მოძალადე მკვლელები დათარეშობდნენ... ამ ბიჭს შეეშინდა არ დაგინდობენ და სხვა ადგილას  უნდა დაგმალოთო. 

განახლებაში არის ერთი  ულამაზესი ადგილი სოფ. ნაა.  ნაა ბებიაჩემის დედულეთია და ბევრჯერ ვარ იქ ნამყოფი. დედაჩემის რჩევით ჩვენმა მხსნელმა იქ წაგვიყვანა . სამი დღე მშვიდად ვიყავით, მაგრამ მეოთხე დღეს მოგვაგნეს. ეს იყო სიკვდილის შიშის უსაშინლესი ღამე. თუმცა აქაც 16 წლის აფხაზი ბიჭის დახმარებით ფეხშიშველებმა ტყეს შევაფარეთ თავი... 

გამთენიისას ჩვენმა მხსნელმა გვიპოვა, დედასთან  ერთად მანქანით წაგვიყვანა სოხუმში. ის ცდილობდა ჩვენს სამშვიდობოს გაყვანას, რადგან მუდმივად ჩვენს გვერდით ვერ იქნებოდა და ეშინოდა რამე არ დაეშავებინათ ჩვენთვის. წითელ ხიდთან იდგა დიდი ეკარუსი, მათ დაელაპარაკა, გვთხოვა ქართულად არ გვესაუბრა და დაგვაიმედა რომ ენგურამდე მიგვიყვანდა.

ამ ყველაფერს მაშინ ერთეულები აკეთებდნენ გასამრჯელოს სანაცვლოდ... გასამრჯელოს ნამდვილად იმსახურებდა... რაც კი ოქრო გაგვაჩნდა მოვუყარეთ ყველაფერს თავი და მადლიერების ნიშნად შევთავაზე. რაზეც ასეთი პასუხი გამცა: ,,ჯერ პატარა ხარ,  გაიზრდები და შენს შვილებს მოუყვები,  რომ აფხაზმა სიცოცხლე გაჩუქა! ნუ მომძებნი, ისიც საკმარისი იქნება თუ ამ სიკეთეს გაიხსენებო! ეს ოქრო დაგჭირდება, მშვიდობაში მოიხმარეო"...   

სიკეთე მუდამ მემახსოვრება

 დიდი სურვილი მაქვს პირადად გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის. მაქვს მიმოწერები აფხაზებთან და ვუყვები ამ ისტორიას იმ იმედით იქნებ მისი ნაცნობი შემხვდეს. პირობა არ მიმიცია იმის, რომ არ მოვძებნიდი.  ვიმედოვნებ ამ წერილს წაიკითხავს და გამომეხმაურება!

ასეთი ისტორია უამრავია... ძმებს რა აქვთ გასაყოფი,მაგრამ ასე ხდება როცა  ძმებს შორის მესამე  "კეთილმოსურნე"  ერევა... სიკეთის მარცვალი უნდა გაღვივდეს და აღმოცენდეს სიყვარული...შენდობა ვთხოვოთ ერთმანეთს და მტრობით დანგრეული სიყვარულით ვაშენოთ... სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს ვებ გვერდი Ganakhleba.Ge.ეს არის დიდი პლატფორმა ჩვენთვის ჩემო აფხაზო ძმებო... გამოგვეხმაურეთ ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი ამ სისხლიანი ლაბირინთიდან...