ჩემი ძმა გენო და სერბე ბიძია

ახლა ამას იმიტომ ვწერ, რომ დარდები და მოგონება მომეძალა... ფიქრებმა 1993 წლის 26 თებერვალში გადამისროლეს და და დაღუპული ძმის გენო ნემსწვერიძისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი), სულისშემძვრელი დარდი და ჯავრი და განმიახლეს...

„თეთრი ბილიკები დაფარა სიბნელემ,

ტყემ და ეკლებმა დაფარეს სინათლე,
გულიდან ამოსულ სითბოს და შეძახილს
ვერ ვაწვდენთ მათ, ვისათანაც მხარდამხარ ვიცხოვრეთ.

შენ თავი შესწირე სამშობლოს

და იმას, რომ ერთად გვეცხოვრა
რადგანაც შენში ის ორი სისხლია,
რაც ასე გვაერთებს, და ასე გვაშორებს.

ამაზე ახლა ვფიქრობ, მაშინ კი, მაშინ 25 წლის წინ ყველა და ყველაფერი მძულდა ამქვეყანაზე, რადგან შენ ჩემი საყვარელი უმცროსი ძმა ხელიდან გამომაცალეს 

საღამო იყო, თვალები ცრემლებისგან შეშუპებული მე და ჩემი ოჯახის წევრები უიმედოდ შევცქეროდით დევივით ჩვენს წინ დასვენებულ გენოს, გენოს, რომელმაც მეგობრობის ყადრი ისე იცოდა, ნამდვილ ვაჟკაცს რომ შეეფერება, გენო, რომლის ცხოვრებასაც ადამიანობის, სიმართლის და პატიოსნების შეგრძნება წითელ ხაზად გასდევდა, გენო, რომელიც თავისუფალ დროს მხოლოდ წიგნით ხელში ნახავდა კაცი და გენო სუფრაზე კარგი თამადა და მომლხენი... და გენო ქართველი მამისა და აფხაზი დედის შვილი და გენო აფხაზი მეზობლებისა და მეგობრების გვერდით გაზრდილი, იუმორისმოყვარული, სხარტი გონებისა და მოსწრებული სიტყვის პატრონი გენო. 

აქვე ორ სიტყვას დედაჩემზე ვიტყვი: გოგუცა სამსონის ასული სამსონია - ჩემი კარგი და სათნო დედა 40 წელი კოჩარის ამბულატორიაში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად და მგონი კოჩარელი მშობლების შვილები ყველა მისი აყვანილია, იგი ქარსა და წვიმაში ღამით, თუ დღისით, ფეხით, ცხენით, „დროგით“ მიეშურებოდა მშობიარისკენ..) ... და ჩემმა დედამ, ჩემმა შეგნებულმა და სათნო დედამ იცით რა თქვა, როდესაც ეს სამარცხვინო, ძმათა ომი დაიწყო, იცით, რა თქვა? - მე ქართველები აღვზარდე და სადაც ჩემი შვილები იქნებიან, მეც იქ ვიქნებიო...“

კიდე კარგი, მადლობა უფალს, ერთი წლით ადრე წავიდა იმქვეყნად, ვიდრე მისი საყვარელი შვილი დაიღუპებოდა, კიდე კარგი...

ჰოდა, ვზივარ ასე დაოსებული, დაბინდული ტვინით, ცრემლისგან გამომშრალი თვალებით და მეზობლის ბიჭი შემოდის, პირველ სართულზე, მისაღებში სერბე ბიძია (აფხაზი მეზობელი ა. შ.), გელოდება, რაღაც საქმე აქვსო! ჩავედი, სერბე ცრემლიანი თვალებით მიყურებს და მეკითხება, მედეა, შვილო, მაძლევ უფლებას გენო დავიტიროო? 

იცით, ისეთი მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა ჩემთვის, სახტად დავრჩი: გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით და ჭირსა და ლხინს ვიყოფდით, მისი შვილები და ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვთამაშობდით, ერთად ვჭმდით და ვსვამდით და ეს რა შეკითხვა დამისვით-მეთქი, სერბე ბიძია? თქვენ თუ არა აბა ვინ უნდა დაიტიროს -მეთქი გენო? და ეს ასაკოვანი კაცი გამოემართა ჩემკენ ჩქარი ნაბიჯებით, ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხელზე მემთვხია მადლობის ნიშნად... მასაც და მეც ცრემლები წაგვსკდა და ირგვლივ მყოფნიც ხმამაღლა ტიროდნენ.
და მე ვიცი, იმწამს ჩვენ ჩვენს საერთო უბედურებას ვტიროდით, ჩვენს შორის ვიღაც გადამთიელის უდიერი ხელის მიერ ხელოვნურად შექმნილ ტრაგედიას დასტიროდით, რომლის შედეგად ხელიდან ორი ერის მიერ გამოზრდილი ახოვანი ვაჟკაცი დაიღუპა და ვინ იცის, კიდე რამდენი შეეწირებოდა უკვე უმართავ ამ საბრძოლო პროცესებს? ვინ იცის!

..და ახლა,  ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რაოდენი ზრდილობა, თავაზიანობა, თავისი თავის პატივისცემა გამოიჩინა მაშინ სერბე ბიძიამ!  ასეთებს ვიცნობდი მე აფხაზებს, ვაჟკაცურებს და ზრდილობით სავსეს!  ასეთები იყვნენ ისინი, ვინც ჩვენ გაგვზარდა, საოცარი სტუმარ-მასპინძლობა, ცხენზე ამხედრებული საოცარი ვაჟკაცები, სიყვარულით და თავაზიანობით სავსენი.....

 

მედეა ნემსწვერიძე

20.08.2018 წელი.