ახალდაბა. "არხი" - სიცოცხლის გზა -

 __ არხი__

სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე კოდორისაკენ გაყვანილი დიდი  არხი სათავეს ჩაის მეურნეობასთან, სოფლის განაპირას ჩამავალი სანიაღვრე წყალსაწრეტ არხთან იღებდა, რომელიც საავტომობილო ტრასის ხიდის ქვეშ გავლით ზღვისკენ ჩადიოდა. მისი გაწმენდა არასდროს უფიქრია ვინმეს. წლების მანძილზე ეკლებით გადაბურდულიყო. მისი არსებობა ბევრმა არც იცოდა. მხოლოდ იქვე მცხოვრებ წინდახედულებს ალაგ-ალაგ გაესუფთავებინათ. შეშინებული მოსახლეობა უკიდურეს ჟამს იმ არხს მიაწყდა. ზოგს მოესწრო, რაღაც ფუთა  ხელს გამოეყოლებინა. განა რაიმეს წამოღება, უკან მიხედვის წამიც არ იყო. უპირველესი მიზანი სულის გადარჩენა გახლდა. სოკვდილ-სიცოცხლის წამები წამზე მეტი სიჩქარით გადიოდა მაშინ. თანაც ტყვიების წვიმა მოდიოდა. ეკლები შიშველი ფეხებითაც გადათელეს("შიში მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო"), თუმცა ვიწრო არხში იჭედებოდნენ ხშირად, დაბალი სიღრმის გამო წინდახრილი მიიჩქაროდნენ, რომ ტყვია არ მოხვედროდათ. მკერდზე მიხუტებულ ბავშვებს შიშისგან ენა ჩავარდნოდათ, გაფითრებულიყვნენ. მათი ნაზი თმები ეკლებზე რჩებოდა  მღუჯა-ბღუჯად. ყველას უნდოდა როგორმე სიკვდილს დამალვოდა. ტანით მაღლებს უფრო უჭირდათ. დათო გიორბელიძის მეუღლე - ანჟელა თავის გაჩენას იწყევლიდა, რადგან ზურგით მაინც არხს ზემოთ იყო: 

- დედაჩემო! რატომ გამზარდე ასე მაღალი?! 

- ჩუმად იარეთ! შენ კი დედაშენს ნუ საყვედურობ. არძინბა წყევლე რამდენიც შეგიძლია _ უთხრა ვიღაცამ და ქალებს მოთქმა-გოდებაც შეაწყვეტინა. ხალხის იმ ჯგუფმა ძლივსღა გაასწრო. თუმცა ბოლოში  გაჭირვებით და ნელა მიმავალი დედა-შვილი ვერიჩკა და ვენერა ომონაძეები არხში ჩაცხრილეს. 


ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

ავტორი  ილუშა ნემსწვერიძე.   

 

გაგრძელება