კამანი. 1993 წლის 4 ივლისი, ღამის 10 საათი  

 კამანის შესახებ,  კამანის ალყა აფხაზეთი, სოფელი კამანი. 1993 წლის 4 ივლისი, ღამის 10 საათი  

ტყიანი ფერდობებიდან ხეობის სიღრმემდე სროლის ხმა აღწევს. ახალშენის მხარეს ცა წითლად ნათდება და ჰორიზონტზე რუხი, მოძრავი წერტილები მოჩანს. ისინი ეშერას დასტრიალებენ, მერე დაბლა მოიწევენ, ამზარას უახლოვდებიან. გუმისთის პირას ჩასაფრებულ გურამ გვიჩიანს, ავტომატების უწყვეტ კაკანთან ერთად, ახლა უკვე ძრავების ყრუ, დახშული გუგუნი ესმის. ღამის სიბნელეში რუსული სამხედრო ვერტმფრენების სილუეტები იკვეთება. გურამი ბინოკლს ჩაჰყურებს. მის წინ ამზარაა, მოშორებით _ ტყე, ზემოთ _ ვერტმფრენი, საიდანაც თოკი ეშვება. დაჭიმულ ბაგირზე ერთმანეთის მიყოლებით მოცოცავენ თავიდან ფეხებამდე აღჭურვილი მეომრები და ხშირ წიწვნარში უჩინარდებიან. ახლა მეორე ვერტმფრენიდან უშვებენ თოკს, მესამედან. . . 

_დესანტი ჩამოსხეს~, _ რაციით გადასცემს შტაბს ბოლო, საგანგაშო ინფორმაციას გვიჩიანი. შტაბში უკვე იციან, რომ: ბომბორას სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული სადესანტო-იერიშმიმტანი ბრიგადა შეტევაზე გადასვლას აპირებს. კამანი ალყაშია. გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 500-კაციანი ბატალიონი ეშერა-ამზარადან მოიწევს, ჩეჩნურ-სომხური და აფხაზური შენაერთები _ შუბარი-ახალშენიდან და აჩადარა-ზეგანიდან. ანუ მოსალოდნელია სამმხრივი შტურმი აფხაზეთის მთებში ჩაკარგულ პატარა სვანურ სოფელზე, რომელსაც 32 ადგილობრივი მებრძოლი იცავს. . . 

კამანელთა ტრაგიკულ-ჰეროიკული ისტორიის დაწყებამდე უკანასკნელი წუთებიღა რჩება. სოფელი ელის თავდასხმას. მას ტყეში გახიზვნა შეუძლია, მაგრამ არავინ არსად მიდის. პაკელიანები, კახიანები, გერლიანები, გვიჩიანები  უთანასწორო, თავგანწირული წინააღმდეგობისთვის ემზადებიან. პირველი გასროლის მოლოდინში კამანი დაძაბულ, სამარისებურ სიჩუმეს მოუცავს. სიცოცხლის ნიშან-წყალი მხოლოდ გუმისთისპირა პოზიციებზე იგრძნობა. სანგრებიდან ფეხის ხმა და ფრთხილი გადალაპარაკება ისმის. მებძოლები საგუშაგოებზე ნაწილდებიან. . . შტურმამდე დარჩენილი უკანასკნელი წუთების ათვლა იწყება. 

დილის 5 საათია. * * * 1993 წლის ივლისის დამდეგს, როდესაც კამანზე თავდასხმა გადაწყდა, გუდაუთის დაჯგუფებები ფრონტის გუმისთისპირა ზოლს თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ. სოხუმის მიმდებარე დასახლებები _ ეშერა, ამზარა, შუბარი, ახალშენი, ზეგანი _ აფხაზების ხელში იყო. სოხუმამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. ქართული სამხედრო ძალებისგან გაწმენდილ ტერიტორიაზე უკანასკნელ წინაღობას 42-კომლიანი სვანური სოფელი _ კამანი _ ქმნიდა. ის გუდაუთადან ყველა მიმართულებით დაძრულ შენაერთებს გზას ზედ ქალაქის მისადგომებთან, 15-იოდე კილომეტრის მანძილზე, უკეტავდა. 

კამანის აღება სოხუმის გარდაუვალ დაცემას ნიშნავდა. . .  

 

ავტორი  შორენა ლებანიძე  

 

გაგრძელება ...