ახალდაბა. "ანას თოჯინა" - სიცოცხლის გზა -

 __ანას თოჯინა__

მოსახლეობისგან დაცლილ ახალდაბაში ბოევიკები თავისუფლად დაეხეტებოდნენ,მოროდიორობდნენ.ხანდაზმული კაცი_ უჩა მის ხეიბარ ძმას_ ნესტორს ვერ ტოვებდა მარტოდ. მალე სალის წინ ეზო იარაღიანებით აივსო. აძიუბჟელი აფხაზი ქალი ლამარა ქაჩავა ცხენზე ამხედრებული შემოიჭრა. ჩამოქვეითდა, მერე იქ შევიდა სადაც ორი მოხუცი ძმა საწყლად დარჩენილიყვნენ. ლამარა უჩასთან მიიჭრა.

  • ეს ისეთი ძლიერი თვალებით იცქირება კი მოკლავდა აფხაზს _ თქვა ხმამაღლა და ავტომატის კონდახი ყბაში ჩაარტყა.

მოხუცმა შერჩენილი ორი კბილი სისხლთან ერთად გადმოაფურთხა. მერე ნაძარცვი ქონება ვაჟიშვილის ბუდას _ ტრაქტორზე დაატვირთინეს(ლამარა ახალდაბელი მერაბ ბენიძის დეიდაშვილის მეუღლე გახლდათ, მაგრამ ბოლო დროს რატომღაც ქართველთა მიმართ მტრულად განეწყო. მისი აგრესიულობა-დაუნდობლობის შესახებ ტყვეობაში ნამყოფები ჰყვებოდნენ).

ქანცგამოლეულ უჩას უბრძანეს მეორე სართულზე ასულიყო და მათთვის ოქრო მოეძეწბნა. თან რუსი ჯარისკაცი გააყოლეს. ოჯალეშის თღვინიოთ ღრეობა იწყეს. 

-„ნუ სტარიკ, დავაი იში ზოლოტო!“ - უთხრა სალდათმა და კარებთან დაელოდა ავტომატშემართული.“ოთახში რომ შემომყოლოდა იარაღს წავართმევდი“, ფიქრობდა ჯერაც კუნთმაგარი. ფრთხილად გამოაღო უკანა ოთახის ფანჯარა და მეორე სართულიდან გადახტა. მერე მანდარინების ბაღში გაუჩინარდა. დილით თივის ზვინიდან გამოძვრა და ხოხვით გავიდა. „ნუთუ შეეხებიან მოხუც,ხეიბარს?“_ ფიქრობდა თავის ძმაზე. „არა! აფხაზებს ტრადიციაში აქვთ უფროსი ადამიანებისადმი პატივი და მოკრძალება“.

გამეფებულ სიჩუმეში ფრთხილად მიაბიჯებდა იგი. მალე იმ არხში ჩავიდა, სადაც ეკლები გაქცეულებს ფეხებით და ხელებით ჩაეთელათ. იმ სიჩქარეში კი ვის რა დავარდნოდა... ლურჯთვალხატულა თოჯინა დაინახა. ძალიან ეცნო. „ ჩემი შვილიშვილის, ანას თოჯინა არის“ _ გაიფიქრა მან.

მოხუცი ბაღლანის დაბლობზე მიუყვებოდა ადამიანთა მრავალ ნაფეხურებს. ყანებში სიმინდის ტაროებს ულვაშები შეხმობოდათ.თვალები გაექცა მშრომელ კაცს. და ... ვაი უბედურებავ!უკვე აქაც დაეხეტებოდნენ იარაღიანები. უცებ რთხმელების (მურყანის) ტყეში შევარდა, მაგრამ მიწა გამოეცალა, დამყაყებულ ჭაობში ჩაიოძირა ყელამდე. ძეგლივით გაქვავდა,რადგან განძრევისთანავე ქვემოთ მიდიოდა . იყო ასე დიდხანს. ლაპარაკი მოესმა:

-სარა აბრა ხაწაკ დუზბეიტ(აფხაზ. მე აქ კაცი შევნიშნე).

- აბრა ახაწა დუყამ, უი უს იუნარბეიტ (აფხაზ. არავინ ჩანს ალბათ მოგეჩვენა). ავტომატის ერთი ჯერი გაისროლეს. ჭაობში ყელამდე ჩაფლული ვერ დაინახეს და იქაურობას გაეცალნენ.

უკვე მის თვალწინ, ტუჩებთან გველები დასრიალებდნენ. „დამთავრდა ყველაფერი, აქ ვიღუპები. რა განსხვავება აქვს აფხაზის ან რუსის ტყვია მომკლავდა თუ ამ ჭაობში ჩავიხრჩობი?!“- ფიქრობდა იმედის ხავსზე ვერმოკიდებული,თუმცა შინაგანი ხმა მაინც ეძახდა: „ მოითმინე წავლენ ამ ფართობებიდან ავაზაკები, მერე ამოსვლა უნდა შეძლო!“ ... მზე ისე ნელა ეშვებიდა, თითქოს მაღალი ხის კენწეროდან ეშვებოდა ძირს. ტყეს კი ბინდი შემოეპარა. ჭაობიდან იმ სიმყრალით შეწუხებული, დიდი წვალება-მოხერხებით ამოვიდა ჩურჩხელასავით ამოვლებული და ზღვის სანაპირო ზოლით კინდღისკენ გაემართა. მალე ზურგს უკან ორი კაცის აჩრდილი წამოადგა. ერთს ავტომატი მიეღერებინა მისთვის. უმალ მოიფიქრა: არ მიუხედა მათ. თავი მოისულელა. კენჭების სროლა დაიწყო ზღვაში. თან მანჭვა გრეხვა დააყოლა და ყრუ-მუნჯის იმიტაცია კარგად გამოუვიდა. გონების სიღრმეში კი ტყვიების სროლას ელოდა ზურგში.

  • შვიყვაწ უი იზლ ახსრა იაფსამ,უი დეილაგოუპ!(აფხაზ. დაანებე თავი, მაგისთვის ტყვიას ნუ დახარჯავ, ჭკუიდან შეშლილია).

კინდღში მისულს ოჯახის წევრები და მეზობლები შემოესივნენ. ცრემლების ნიაღვარმაც აიშვა. სრულიად სველი და ამოთხვრილი იყო იგი. სახეზე არხის წითელი და ჭაობის შავი ტალახები შეხმობოდა. მოხუცმა მჭკნარი ხელი ჯიბეში ჩაიყო.

-აი,ბაბუ, შენი თოჯინა!_ უთხრა შვილთაშვილს ანას და ღიმილით გაუწოდა. ბავშვი თოჯინის თმებიდან ხავსის მოცილებას შეუდგა. 

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი:ილუშა ნემსწვერიძე  

 

გაგრძელება