იხსენებენ თვითმხილველები - ენვერი სურმავას ისტორია

ენვერი სურმავა _ (გულრიფშის რაიონში მცხოვრები მეხუთე ბატალიონის მებრძოლი) ჩვენ ყოველგვარი მომზადების გარეშე სოხუმის რ_ნი სოფელ შრომაში გაგვაგზავნეს. მტერი სოხუმისკენ დიდი შეიარაღებული ძალით მოიწევდა. მათ წინააღმდეგ ჩვენ არაფერს წარმოვადგენდით' წინ მიგვრეკავდნენ მორჩილ ცხვრებივით. სასაფლაოსთან მოწინააღმდეგეს ხელსაყრელი პოზიციები ეკავა. ზედიზედ იღუპებოდნენ ქართველი ბიჭები. ისეთი ძლიერი დაბომბვა დაიწყო ქვა რომ ქვაზე დუღდა. გურამი დადვანი, მეთაური, ყველგან და ყველასთან უშიშრად გაჩნდებოდა ხოლმე. იქ დაიჭრა ახტერი ლობჟანიძეც. სროლები რომ ოდნავ მიწყნარდა გენერალმა გუჯარ ყურაშვილმა წინ წასვლა ბრძანა, თვითონ კი გულის ავადმყოფობა მოიმიზეზა და ჩამორჩა _ გვერდით მიწვა. აშკარად ჩანდა მისი ,,მსახიობობა" იგი უნდა გასამართლებულიყო და ზოგი სხვა ,, ვაიგენერლებიც" , აგრეთვე ის ბევრი მოღალატე.ქართველები...
საპატიმროებიდან გამოყვანილი 128 პატიმარი შეუშვეს სოხუმთან _ სოფელ შრომაში საბრძოლველად. ომის აბა რა გაეგებოდათ იმათ. ისინი ალყაში მოაქციეს და ამოწყვიტეს. ორი საათი ებრძოდა ,,ავაზა" და სკარპიონის" ბატალიონი მტრის მაგივრად ერთმანეთს. კი, შეცდომით, მაგრამ სად იყვნენ (ეძინათ?) სამხედრო თავკაცებს?'.. ჩვენ ნამდვილ სასაკლაოზე შეგვყარეს. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა. იქ იყო ,,ხორცსაკეპი". ბევრი სანიმუშო ვაჟკაცი დაიღუპა. ამ ყველაფერთან ერთად ცხედრების გამოტანამ, მათი დასახიჩრებულ_დანაწევრებული სხეულის ნახვამ დაღი დაამჩნია ჩემს ნერვულ სისტემას. სოხუმთან ომის დაწყებისთანავე ბატალიონის შტაბში იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო მეთაური _ მთავარსარდალი ედუარდ შევარდნაძე ამერიკულ ლამაზ სამხედრო ფორმაში გამოწკიპული და იქიდან ხელმძღვანელობდა. პარადოქსი: თუ თბილისში ხალხი მუხლებზე დაჩოქილი შეეხვეწა მას ქვეყნის მეთაურობა გააგრძელეო, სოხუმში უკვე პირიქით _ ის ეხვეწებოდა გამოქცეულ ჯარს უკან შესვლას და ბრძოლის გაგრძელებას. მაგრამ ვინაიდან შევარდნაძის მიერ იქნა ეგრეთ წოდებული ,,პერემირია" _ ხელშეკრულება დადებულ_ხელმოწერილი და ქართული ჯარი განიარაღებული, მას უკვე არავინ ენდობოდა.
სოხუმის დაცემამ შოკში ჩამაგდო. გაგრის დაკარგვის შემდეგ არ მოველოდი მდინარე კოდორამდე ასე მალე დათმობას _ ომის წაგებას. თუმცა ის ომი თავიდანვე  წაგებისთვის იყო დაგეგმილი.  

ლტოლვილობის პერიოდში ბედის ირონიით მე და ენვერი მოსკოვიდან ოთხასი კილომეტრის მოშორებით ქალაქ კოსტრომაში აღმოვჩნდით. აფხაზეთზე ერთი წლის განშორება ერთ საუკუნედ მიმაჩნდა. იქ ჩემს დიდი ხნის ნაცნობ სომეხს, არაკიჩის მკვიდრს შევხვდი, რომელსაც დაფნის ფოთოლი და მიმოზის ყვავილი ჩამოეტანა გასაყიდად.
_ ასე თავისუფლად ჩამოდიხართ? _ ვკითხე გაოცებულმა.
_ პრობლემა არ მაქვს. ჩამოვდივარ ხშირად და ისიც აფხაზეთის გავლით. _ შემშურდა მისი. ,, ჩემს აფხაზეთს გაივლის და გამოივლის სომეხი?! მე კი გადახვეწილი შორეთში იქ ფეხს ვერ შევდგამ, არ მიშვებენ".

_ ,,ვოტ მაია მაშინა, ტამ სტაიტ" _ მაჩვენა მისი თეთრი ,,ვოლგა _ ვაზ 24" _მერე რატომღაც ხალისიანი სახეგამომეტყველებით თქვა, რომ თქვენი სოფლის ყველა სახლი დამწვარიაო. _ ვიცი რად მინდა მაგის თქმა _ მწყრალად ვუპასუხე. _ არა ისე... მე ახალდაბაში შევდივარ ზოგჯერ და მითხარი თუ შენს ეზოში სადმე ოქრო გაქვს ჩამარხული აქ მოგიტან. _ არა! მე ოქრო არ მიგროვებია და არც მიწაში ჩამიმარხავს. (სიბრაზე დამეტყო, თავს მოვერიე). თუ შენ იქ, ქართველების ნასახლარ სოფელში დადიხარ, დამიმტკიცე მაშინ, თუ ჩემი სახლის რამე ნაწილს, ნატეხს ან იქედან დანაწვავ ნივთს მომიტან_მეთქი. _ ხარაშო დარაგოი, ხარაშო! _ მითხრა ამაყად და გამშორდა. ორი კვირის შემდეგ მან მართლაც მომიტანა ჩემი სახლის სამზარეულოში დანაწვავი (გაშავებული) ვერცხლის კოვზები, ყავის მადუღარა, ჩაიდანი და სხვა რაღაცეები (მეუღლემ იცნო ისინი და ცრემლები მოერია) შემდეგ საბარგულიდან რაღაცა შეფუთული (ხელში მძიმე) ამოიღო და გადმომცა. _ ,,ეტო ვამ ვალიალსაო" _ თქვა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. შეფუთული გავხსენი ,,ვალიალსა" კი არა, იყო ახლად მოტეხილი ჩემი ლამაზი სახლის წინა კედლის გარეთა მხრის მოზაიკის ფილა, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე და ოჯახს ვთხოვე, როცა მოვკვდები საფლავში ჩამაყოლონ (იმოდოვნებენ: აფხაზეთში დავბრუნდებით და შენივე სახლს შენივე ხელით მიაკრავო. მეეჭვება). კოსტრომაში, იქ ყოფნისას, სადაც თითქმის შვიდი თვე ზამთარი იცის, ერთხელ საუბარში ვახსენეთ, რომ ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. უცებ, ასე ორმოცამდე წლის ვიღაცა რუსმა კაცმა წაიტრაბახა: ,,ია ტამ ვაევალ, ი მნოგო გრუზინ უბილ"_ო (მე იქ ვიბრძოდი და ბევრი ქართველი დავხოცეო). ვერ მოითმინა ეს ნათქვამი ენვერიმ. ისე გალახა ცხვირ_პირი დაუმტვრია. 

 

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი:ილუშა ნემსწვერიძე   

 

გააგრძელე კითხვა...