წარსულის ცრემლები აწმყოშიც გვახრჩობს

მოდიან... მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ მოსე, არც ვინმე მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც რწმენა შერჩენიათ... 

მოდიან... უფალიც არ ახსოვთ, უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. 

არც არავის ძალუძს ხუთი პურით მათი დანაყრება, არც კლდიდან გადმომჩქეფარე უწმინდესი წყლით დარწყულება, მოაბიჯებს ჯვარის სიმძიმით გათანგული ჯვარცმული ხალხი! 

მოდიან... ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს - ვინ, ვინ მოგვიძღვის, ვინ ეწამება ჩვენთან ერთად ამ გზაზე?.. მე არასოდეს მინახავს ამდენი ნაღვლიანი თვალები. 

რად გავრბივართ დიდ-პატარიანად ამ უღელტეხილით? ეს რა ამბები ხდება, უფალო?! რა ცოდვა გვაბრუნებს ასე? გვადგა კი ქართველებს ასეთი გასაჭირი ამ საუკუნეში, ან თუნდაც გარდასულში?       

დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია დუნიაზე, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანზე და დავიდარაბაზე, ფულზე და ღალატზე, სიბრიყვეზე ზემდგომი უღელტეხილი - გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება... 

მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, - გუშინდელებს და დღევანდელებს, ქართველებსა და არაქართველებს, კაცებს, ქალებს... ჩვენ ყველას, უკლებლივ! ყველას ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა, ააბობოქრა ეს უღელტეხილი.