"ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ"

 აფხაზეთი, ღვთივ  კურთხეული ულამაზესი მხარე, საქართველოს მარგალიტი. მხარე, სადაც ქართველებსა და აფხაზებს ერთად გვიცხოვრია საუკუნეების განმავლობაში. მუდამ ერთი სიხარული და ერთი ტკივილი გვქონია, ერთნაირი ადათ-წესები, ტრადიციები, შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახები, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და მერე.... 

 მერე რა მოხდა????!!!

რატომ გახდა იგი ეთნოკონფლიქტის მსხვერპლი???..

რატომ, რატომ???

და ამეშალა უჩვეულო, უსასრულოდ მწარე მოგონებათა ჯარი. 1993 წლის 27-29 სექტემბერი - ავადსახსენებელი და საბედისწერო დღეების ტკივილიანი კადრები. 

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა აფხაზეთის მიწაზე და სამწუხაროდ ქართველები იძულებულები გავხდით დაგვეტოვებინა ჩვენი ლამაზი კუთხე.  უბედურებაზე საშინელებაა, როდესაც იძულებით ემშვიდობები შენს ოდაბადეს, მშობლიურ კუთხეს. ადგილს, სადაც თითოეული ეზო-კარი, ქუჩა, უბანი თუ ზოგჯერ ჩუმი და ზოგჯერ აბობოქრებული კოდორი შენი ბედნიერი ბავშვობის ლამაზ წლებს  გახსენებას.  

29 სექტემბრის საღამოს 5 საათი, ეს ის ავბედითი ჟამია, როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს ქართველებისთვის სამშვიდობოს გასასვლელი ცენტრალური გზები და ერთადერთი ხსნა მხოლოდ კოდორის ხეობა აღმოჩნდა. ახლაც თვალწინ მიდგას სოფლის ბოლოს შეკრებილი დაბნეული და შეშინებული თანასოფლელები. აქ თავი მოიყარეს შუაგზიდან მობრუნებულმა ვლადიმიროვკელებმა, ესტონკელებმა, ახალსოფლელებმა...ირგვლივ განუკითხაობა, შემაძრწუნებელი შიში და პანიკა სუფევდა-რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, ვის მივეკედლოთ??? მშველელი არსაიდან ჩანდა...

„არსაიდამ ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არრას მეტყოდა“.... ო, ღმერთო ძლიერო, სად გაქრა ცოდო- მადლის ფუძე და არსი?!!!.  ამ ფორიაქში დრო გადიოდა, დიდი ალბათობა იყო სოფელში აფხაზებისა და დაქირავებული გადამთიელების შემოჭრის. ვერ ვიჯერებდით, რომ აფხაზები ასე გაგვწირავდნენ და სასიკვდილოდ გაგვიმეტებდნენ. თავი კოშმარულ სიზმარში გვეგონა. მხოლოდ ერთი აზრი გვაწუხებდა - ნუთუ ეს მართალია, ნუთუ უნდა გავერიდოთ ჩვენს მშობლიურს, ჩვენს საკუთარს??? 

მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო, საშინელი და გაუგონარი ინფორმაციები მოგვდიოდა აფხაზების სისასტიკის შესახებ, რომ არავის არ ინდობდნენ და გზადაგზა სისხლის კალოს ლეწავდნენ. გვენანებოდა ჩვენი ლამაზი კუთხის დატოვება. ასე დარჩენისა თუ გადარჩენის ზღვარზე ვიდექით ღამის 12 საათამდე. ვიმყოფებოდით სოფლის ბოლოს სომხურ დასახლებაში, საიდანაც ხელისგულივით ჩანს ჩვენი სოფელი. უმძიმესი წუთები - შორიდან ვუყურებდით ცეცხლწაკიდებულ სახლებს, ალში გახვეულ წლობით ნაშრომ-ნაამაგარს და ერთმანეთს ვეკითხებოდით: ვაიმეე, ეს ვისი სახლი იწვის? აი, იქაც იწვის,....აი, აი იქაც, იქაც და უსასრულოდ ცეცხლში იფერფლებოდა ჩვენი კოპწია განახლება...

ცრემლები და მხოლოდ ცრემლები. მეტი რა შეგვეძლო. უსამართლობისა და უმოქმედობის ბოღმა გვახრჩობდა. სომეხი მოსახლება კი ამ დროს მშვიდად, დაცულად გრძნობდა თავს. და ჩვენ, ძირძველ ქართველებს თანაგრძნობას გ ვიცხადებდნენ. საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენის შემთხვევაში კი თავშესაფარსა და მფარველობას გვთავაზობდნენ. ამაზე მეტი უბედურება რა გინდა??? 

ასეთი ტრაგიკული სურათის ფონზე მოსახლეობის ნაწილი დარჩა, ნაწილმა კი ღამის 12 საათზე დატოვა მშობლიური სოფელი და დაადგა სვანეთისკენ მიმავალ გზას. მათ შორის ვიყავით - მე, დედა, მამიდა და ჩემი და-ძმა. მამა არ წამოვიდა. მოგვიანებით გამოვალ და შემოგიერთდებითო. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა დარჩენა.ამით იქ დარჩენილებმა განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს.

შეიძლება ქრონოლოგიური სიზუსტე ვერ დავიცვა, მაგრამ კარგად მახსოვს ხოთო კვარაცხელიამ (ნათელში იყოს მისი სპეტაკი სული) სადამდეც შესაძლებელი იყო გვატარა თავისი სატვირთო მანქანით. შემდეგ მშვიდობა გვისურვა და ატირებული დაბრუნდა სოფელში, თავის ცოლ-შვილთან. ფეხით ვიარეთ ბონდო კვარაცხელიას “კარვამდე“ (ასე ეძახდნენ განახლებელები ამ ადგილს).  დილამდე იქ გავჩერდით, რადგან ღამით სახიფათო იყო ტყეში სიარული. გამთენიისას კი ისევ გავაგრძელეთ გზა. 

გარკვეული პერიოდი განახლებაში დისლოცირებული 23-ე ბრიგადის პირველი ასეულის მებრძოლებთან ერთად ვიარეთ. მათთან თავს თითქოს დაცულად ვგრძნობდით. დედა ახალი ნაოპერაციევი იყო და ძლივს მოდიოდა, არც მამიდა იყო კარგ დღეში, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდნენ და ენერგიულად გვაჩვენებდნენ თავს, თითქოს ჩვენ გვამხნევებდნენ. ტყე-ტყე, ნელ-ნელა, მაგრამ შეუსვენებლივ მივიკვლევდი გზას სვანეთის მიმართულებით.

გზადაგზა მატულობდა დევნილთა ნაკადი.  წვალებ-წვალებით შევედით ერთ სოფელში  (სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ სოფლის სახელებს და მათ თანმიმდევრობას), ლათა ან აჟარა.  შარაზე დაღლილ-დაქანცულებს გაგვიჩერა სატვირთო მანქანამ. ძარაზე ტევა არ იყო, მაგრამ მაინც გაიჭირვეს და ჩვენც მოგვათავსეს. ირგვლივ მოწყენილობა სუფევდა.  ყველა ფიქრებში იყო ჩაძირული... თითქოს ბუნებაც გრძნობდა ქართველთა განსაცდელს. დღე იყო მწუხარე და კუშტი. 

გაწვიმდა. დათოს სახლიდან წამოღებული ჰქონდა მხოლოდ ნაჯახი და რამდენიმე მეტრი ცელოფანი. თითქოს წინასწარ განსაზღვრა, რომ სვანეთის გზა არ იქნებოდა იავარდით მოფენილი. და აი, სად გამოგვადგა ეს დალოცვილი ცელოფანი. მაშინათვე გავშალეთ მთელ ძარაზე და წვიმის გადაღებამდე მის ქვეშ ვიყავით შეყუჟულები-ნაცნობიც და უცნობიც...დევნილთა უღელტეხილი-ის სურათის შედეგი

როგორც გავარკვიეთ, ისინი იყვნენ აჩადარიდან. თუმცა საერთო გაჭირვების ჟამს არ არსებობს ნაცნობი და უცნობი. აქ ყველა ახლობელი და შენიანია. ამ უბედურებამ ყველა ერთ დიდ ოჯახად გვაქცია.ყველას ერთი დიდი ტკივილი გვაკავშირებდა.  მივდიოდით და ტირილით ვეთხოვებოდით მშობლიურს, ნანგრევებად ქცეულ ჩვენს ზღაპრულ კუთხეს.კარგა მანძილი ვიარეთ მანქანით. შემდეგ კი ისევ ფეხით გავაგრძელეთ სვლა. მოსაღამოვდა და დავრჩით კიდევ ერთ სოფელში. მოვთავსდით სკოლის შენობაში, მაგრამ თავსდამტყდარი უბედურება, შიში და დარდი არ გვაძინებდა. ერთმანეთს ვეკითხებოდით; ვისთან მიდიხართ, ენგურს გაღმა გყავთ ვინმე მოკეთე, ან ნათესავი? ზოგი რას ამბობდა, ზოგიც რას. ნაწილი ბედის ანაბარა იყო დარჩენილი. 

ჩვენ კი ერთადერთი ნათესავი (მამიდაშვილის ოჯახი)  გვყავდა რუხში და პირველ ეტაპზე იქ ვაპირებდით გაჩერებას. თუმცა მანამდე წინ დიდი და გაუსაძლისი გზა გველოდა. დილით სასოწარკვეთილები ისევ შევუყევით შარა-გზას. მივყვებოდით დევნილთა უსასრულო კოლონას. გზაში ვგებულობდით აფხაზებისა და დაქირავებული გადამთიელების მიერ ჩადენილ შემზარავ ისტორიებს. შევიტყვეთ,  თუ რა სისასტიკით გაუსწორდნენ განახლებაში დარჩენილ თანასოფლელებს. მათ შორის იყო ჩემი კლასელი, თავის სოფელზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული როლანდ სიდიანი. ოჯახთან და უბნელებთან ერთად სამშვიდობოს გასული, სიცოცხლის ფასად ისევ უკან მიბრუნდა ხალხის საშველად. სამწუხაროდ ვერ მოასწრო, აფხაზებმა შეიპყრეს და სხვებთან ერთად ჩაცხრილეს. ასევე შევიტყვეთ ჩემი მეორე კლასელის, სოხუმელი ვაჟკაცის თენგიზ აბსანძის დაღუპვის ამბავი (გადმოცემით ვიცი, რომ იგი იყო ჟიული შარტავას დაცვაში).  ვინ მოთვლის ქართველების მიმართ სეპარატისტების გაუგონარ სისასტიკეს. ირგვლივ მოთქმა და გოდება ისმოდა. 

გულისტტკივილით მივიკვლევდით გზას. მე და ჩემს დას თითო ხელჩანთა მოგვქონდა. სხვა რამის წამოღება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. დღე დღეს მისდევდა, გზას კი ბოლო არ უჩანდა . მივდიოდით ღვთის ანაბარა დარჩენილი და მშიერ-მწყურვალი დევნილები სამშვიდობოსკენ. გზადაგზა კეთილი ოჯახებიც ჩნდებოდნენ. სახლის კარს გვიღებდნენ, საკვებით გვიმასპინძლდებოდნენ და მოსვენების საშუალებას გვაძლევდნენ. 

უღელტეხილამდე ღამე გავჩერდით სოფელში, ალბათ საკენში. საშინლად ციოდა, ყინვამაც იმატა. დაღლილები შევედით ერთ ოჯახში. ეზო სავსე იყო დევნილებით. სახლის დიდი ოთახში ქალები ფუსფუსებდნენ. კუთხეში იდგა ე. წ. „სვანური ღუმელი“ და ყველა მის გარშემო იყო შეჯგუფული. ამ ორომტრიალში მესმის ნაცნობი ხმა-აქეთ მოდით, აქეთ, პური არ გინდათ? ეს იყო სევიკო კვარაცხელიას მეუღლე. როგორც მისგან გავიგეთ, ადგილობრივებს დაურიგებიათ პურის ფქვილი და ქალებიც მაშინათვე დატრიალებულან. ენით აუწერელი ერთსულოვნება და თანადგომა სუფევდა. ზოგი ცომს ზელდა, ზოგიც პურებს აცხობდა და ყველას თანაბრად უნაწილებდნენ. მიჭირს იმ ემოციებისა და სულის ტკივილის გადმოცემა, რაც იმ მომენტში განვიცადე. სიხარულისაგან შიმშილიც და ყინვაც დამავიწყდა, რადგანაც ახლობლები, თანასოფლელები ჩემს გვერდით იყვნენ. 

ღამე იმ ოჯახში დავრჩით. ნაცნობ-უცნობები იატაკზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მოვთავსდით. დაღლილებსა და სითბოსდანატრებულებს უცებ ჩაგვეძინა. ალიონზე ავიბარგეთ საკუთარი ფუძიდან აყრილი დევნილები და ისევ დავადექით გოლგოთას გზას - საკენიდან ჭუბერამდე. 

უღელტეხილის დასაწყისი მანქანებით იყო ჩახერგილი:  მსუბუქი, სატვირთო თუ სამხედრო. ყველა უიმედოდ ელოდა თავის რიგს. ჩვენ კი ფეხით ავუყევით უღელტეხილის აღმართებს. შიში, სიცივე, შიმშილი უიმედობა, სოფელში დარჩენილი ახლობლების დარდი, ხვალინდელ დღეზე ფიქრი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უბედურებათაგან, რისი გადატანაც მოგვიხდა შემდგომში დევნილთა უღელტეხილად მონათლულ გზაზე. 

მძიმე და უსასრულო აღმართ-დაღმართები, ღია ცისქვეშ გატარებული ცივი ღამეები. ასე წვალებწვალებით და გვერდიგვერდ მივაბიჯებდით საერთო ტკივილით გულდამძიმებული ქართველები  - ქალები, კაცები, მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები, სამშობლოსათვის გულანთებული, მაგრამ დღეს იმედგაცრუებული და ღირსებაშელახული ქართული სამხედრო შენაერთები. ყველას ერთი დარდი გვაწუხებდა -რატომ, რისთვის?! 

 ნუთუ ღმერთო, საჭირო იყო ასეთი მსხვერპლი?! 

ძალაგამოცლილები მაინც ვცდილობდით როგორმე ჩაგვეღწია ჭუბერამდე. აქ ნახავდით გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის წევრებს მიცვალებულთა შორის ეძებდნენ, ჩვილბავშვიან დედებს. აქ ნახავდით დაუძლურებულ ადამიანებს, რომლებმაც შემდგომ ვერ შეძლეს უღელტეხილის გადალახვა და სვანეთის მთებში ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი. სამწუხაროდ, მათი რიცხვი ათეულზე მეტს შეადგენდა. საფლავების გათხრის დრო და საშუალება რომ არ იყო, უბრალოდ ქვებით იყვნენ დამარხულნი. მათ შორის ნახავდით პატარა ბავშვის საფლავსაც. ირგვლივ მწუხარება სუფევდა, ტირილი და გოდება ისმოდა. აფხაზეთში მოსისხლე მტრის ტყვიას გამოქცეულები აქ, მთაში ცივ კლიმატსა და ჯოჯოხეთურად უსასრულო გზას ეწირებოდნენ. 

მაღლობიდან გადმოვიხედავდი თუ არა, გული მეკუმშებოდა. ბოლო არ უჩანდა დევნილთა კოლონას. ბავშვებს სიარული რომ არ შეეძლოთ, ტიროდნენ, დედებს კალთებზე ებღაუჭებოდნენ, შველას ითხოვდნენ. ქანცგალეულ მშობლებს კი მათი ხელით ტარება არ შეეძლოთ.  შემზარავმა სცენამ სული მომიწამლა და ჩემდაუნებურად აღმომხდა: „ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა...

მოხუცებსა და ბავშვებს ზოგჯერ სამხედროებიც შეაშველებდნენ ხელს. ჩვენც ძლივს მივიწევდით აღმართებზე. დათოს ორმაგი მანძილის გავლა უწევდა. გაგვასწრებდა ერთი-ორი კილომეტრით, ღამის გასათევ ადგილს შეათვალიერებდა და მერე დაღლილ-დაქანცული ისევ უკან ბრუნდებოდა ჩვენს დასახმარებლად. გვიჭირდა აღმართებზე ასვლა, ბევრგან გაუკვალავი ადგილებიც იყო. 

 შებინდდებოდა თუ არა, მწყემსთა ბანაკებს ვაფარებით თავს, ან პირდაპირ ღია ცისქვეშ ვათენებდით. ღამე ძალიან ყინავდა. ვანთებდით კოცონს და მის გარშემო ვიკრიბებოდით. ზოგჯერ კოცონთან სითბოსდანატრებული იმდენი ადამიანი მოიყრიდა თავს, რომ ჩვენთვის ძლივს ვპოულობდით ადგილს და დილამდე რიგრიგობით ვენაცვლებოდით ერთმანეთს. ალიონზე ისევ აბარგება და ისევ უსასრულო აღმართ-დაღმართები...... 

ერთ საღამოს დევნილების კოლონას გადმოუფრინა ვერტმფრენმა. გადმოყარეს დიდი რაოდენობით პური და თბილი პლედები. მშიერ-მწყურვალებს დაავიწყდათ დაღლა, სიცივე, გაუსაძლისი გზა და ყველა-დიდი თუ პატარა გაიქცა პურის ასაღებად. გახარებული ბავშვები ეფერებოდნენ პურს და გულში იხუტებდნენ. მათი ბედნიერი ხმები თითქოს ახლაც ჩამესმის: დედა, დედა, ნახე, მე ორი პური შემხვდა.... მე კი ერთი... რამდენ უბედურებას უნდა გაუძლოს ადამიანმა?!

ატირებული დათოს ვუთხარი: შიმშილით მოვკვდები, მაგრამ ამ პურს მაინც არ შევჭამ-მეთქი. ასეც იყო. გზად ვკრეფდით ტყის კენკრას და იმას ვინაწილებდით. ყინულს ვალღობდით და ვსვამდით. ახალს ვერაფერს დავწერ, რადგან უმრავლესობამ გავიარეთ გოლგოთას გზა. გული მეკუმშება და მართლაც უსამართლობის ბოღმა მახრჩობს, როცა ვიხსენებ სვანეთის რვადღიან ტანჯვას.მიდიხარ აღმართ-აღმართ, დაღმართ-დაღმართ, გზას დასარული არ უჩანს. ერთ დღეს შეწუხებული  ადგილობრივ მწყემსს ვეკითხები: 

- ძიაკაცო, როდის მორჩება ეს აღმართი? 

- მალე შვილო, ასე, 3-4 კილომეტრი, მერე სწორი გზებია.  გახარებულს დაღლა მავიწყდება. უფრო იმედიანად და მოთმინებით მივუყვები მტანჯველ ბილიკებს. გაილია ეს მანძილიც და არსად ჩანს სწორი გზა. ახლა სხვა მწყემსს ვეკითხები იგივეს და მისი პასუხი: 

-უი, შვილო, ჯერ შორსაა, კიდევ 7-8 კილომეტრი და ...... ჩემი აღშფოთება: ეს მწყემსები დაგვცინიან თუ რა ხდება? 

დათოს ლოგიკური პასუხი: 

- სწორედ ეს არის ცხოვრების იდუმალება. წინასწარ რომ იცოდე რამდენი აღმართ-დაღმართი გაქვს გასავლელი და როდის მივაღწევთ ჭუბერამდე, შეიძლება ფსიქოლოგიურად დაითრგუნო და ფიზიკურადაც დაეცე. ახლა კი გზას იმედით უყურებ - აი, მალე გამოჩნდება სწორი გზა და ჭუბერშიც მალე ჩავალთ. 

ვინ მოთვლის რამდენი სიმწარე ვნახეთ ამ დაუსრულებელ გზაზე. მაგრამ მაინც დავძლიეთ ეს მძიმე განსაცდელი, გადავლახეთ გოლგოთა და როგორც იქნა გზის ბოლოს გამოჩნდა „შუქურა“- ნანატრი ჭუბერის დაღმართი. მადლობა უფალს გამძლეობისთვის. მე და დათო ჩვენებზე შედარებით ჩქარა მივდიოდით, რათა ჭუბერის შტაბში გაგვერკვია ზუგდიდში გამგზავრების საკითხი. როგორც გვითხრეს, ჩვენამდე ჩასული დევნილები დღეები ელოდებოდნენ ტრანსპორტს. იყო თურმე ქაოსი და განუკითხაობა.  ცენტრისაკენ მიმავალ გზაზე პატარა ხიდი გადავიარეთ და დაღლილებმა იქვე მინდორში შევისვენეთ. მალე ჩვენებიც შემოგვიერთდნენ.

სამშვიდობოს გასულებს ახალი სადარდებელი გაგვიჩნდა - ჭუბერიდან გამგზავრება. ამ დროს ჩვენდა ბედად , სრულიად შემთხვევით გზაზე ნელი სვლით გამოიარა საშუალო ზომის ტრაილერმა და დათოს განწირული ხმა---რომან, რომან...ახლაც თვალწინ მიდგას მძღოლის გაოცებული სახე. იგი აღმოჩნდა ჩვენი ნაცნობი კინდღიდან და აწ განსვენებული რომან ფიფია, რომელიც ზუგდიდიდან ჩამოსულა დევნილების გამოსაყვანად. აი, გამართლებაც ამას ჰქვია. დაგვიძახა: ჩქარა, ჩქარა ამოდით მანქანაში, თორემ ცენტრში ისეთი რიგებია, იქ ვერაფერს გავხდები., გახარებულები მაშინათვე მოვკალათდით ტრაილერში და ბედნიერებმა იმ საღამოსვე, 1993 წლის 06 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე დავტოვეთ ჭუბერი. 

გეზი ავიღეთ ზუგდიდისკენ იმ იმედით, თითქოს მალე დავბრუნდებოდით ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში, ჩვენს საყვარელ განახლებაში... "საქართველოს სევდიანო მიწავ, ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხივი მოეფინოს ნეტავ...., ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს "... 

სამწუხაროდ მოლოდინის 25 წელიც გაილია. მოგონებად გვექცა ჩვენი მშობლიური აფხაზეთი. გვენატრება, უსაშველოდ გვენატრება ოდესღაც სიცოცხლით სავსე ოდაბადე, კოპწია განახლება და  ჩვენდა საუბედუროდ, დღემდე გვაქვს ენგურის ხიდით გაყოფილი საქართველო და ჩვენს სამშობლოში თუ დედამიწის  სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ  აფხაზეთის შვილებს დევნილები და ლტოლვილები გვქვია...

.დევნილთა უღელტეხილი-ის სურათის შედეგი " შენ დაიფარე ღმერთო  ძლიერო,

                                                                          საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი."

ბლოგის ავტორი: ინეზა კვარაცხელია