კოჩარა... კოჩარა... კოჩარა...

  ჩუმად უხმაუროდ მიდიოდნენ ბიჭები. ყოველ წამს მოსალოდნელი იყო ჩასაფრება ან თავდასხმა.
   წინ თემური და გელა მიდიოდნენ, მერე ანდრესი, საშკა სლავინი, უკან დათო და თეონას მამიდაშვილი ირაკლი ჟვანია ფრთხილად, უსიტყვოდ მოაბიჯებდნენ.
   გაგრის დაცემის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ირაკლი გულრიფშში ჩამოვიდა და ადგილობრივ მეომრებთან ერთად განაგრძო ბრძოლა... თან სულ თავის უბედურ ქალაქზე, სასწაულით გადარჩენილ დედაზე და ომის დაწყებისას კოჩარის მახლობელ სოფელში, აფხაზურ ტერიტორიაზე  შემთხვევით დარჩენილ მამაზე ელაპარაკებოდა ბიჭებს...
   სულ ბოლოს, ღუღუნი ჯომიდავა მოაბოტებდა, გაუბედურებული კაცის იერით. იგი კოჩარელი იყო და მეგზურად წამოიყვანეს ბიჭებმა. საკუთარი მიწიდან დევნილი, შუახნის კაცი უხმოდ მოჰყვებოდა მზვერავთა ჯგუფის მეომრებს, შორიდან გასცქეროდა თავის მშობლიურ კოჩარას და თავი სიზმარში ეგონა. ცოტა ხნის წინათ ხალხმრავალი, სიცოცხლით სავსე სოფელი ახლა, გადამწვარი,  გაპარტახებული, ნასოფლარს დამსგავსებოდა. ახლო-მახლო, უკაცო სახლებიდან, საცოდავი ძაღლების უღიმღამო ყეფა მოისმოდა მხოლოდ. უპატრონოდ დარჩენილებსა და შიმშილისაგან გაძვალტყავებულებს მეტის თავი აღარცა ჰქონდათ, ალბათ.
   - ამაზე მეტი უბედურება რა გინდა, ჩემო ბატონო, - გზადაგზა თავისთვის მიჩურჩულებდა კოჩარელი. - წამსისინებელთა ეშმაკობით გაბოროტებული აფხაზები, ცეცხლითა და მახვილით გვდევნის მამა-პაპურ მიწიდან, თანაც ხელ-ფეხ შებორკილებს ჩვენივე თვალით გვაყურებინებს  საკუთარი შვილების წამებას, გაუპატიურებასა თუ დახვრეტა-დასახიჩრებას... ამაზე მეტი უბედურება მე არ ვიცი, ბატონო, მე არ ვიცი... - უკვე ხმამაღლა ბუტბუტებდა დევნილი კაცი.
   - თქვენი სახლი შორსაა აქედან? - ჰკითხა გაგრელმა მებრძოლმა, ირაკლი ჟვანიამ. 
   - ა, აგერ, ბატონო!... - და ტყის გაღმა, მომაღლო გორაკისაკენ ისე სწრაფად გაიშვირა ხელი, რომ ბიჭებმა თვალის გაყოლება ძლივს მოასწრეს, მაგრამ მინიშნებულ ადგილას სახლი კი არა ნასახლარი მოჩანდა მხოლოდ.
   დამწვარი სახლის წინ, დიდი კაკლის ხესთან საზარლად ყმუოდა ღუღუნი ჯომიდავას რიჟიკა ძაღლი.
   - რუსის ჯარიდან დაბრუნებისთანავე დავიწყე მე უბედურმა ამ სახლის მშენებლობა, თორმეტ წელიწადს წვალებით, შავი პურითა და წყლით ვაშენებდი... და აი, ერთი იგრიალა წყეულმა და... მე არასოდეს მინახავს ასეთი საშინელება და ღმერთმა ნურასოდეს მაჩვენოს!
   კოჩარელს ისეთი დატანჯული სახე ჰქონდა, საშკა სლავინს გულწრფელად შეებრალა იგი.სამოცს  მიტანებული, სუსტი, გამხდარი, მარალი კაცი იყო ღუღუნი ჯომიდავა.
   - რას იზამთ, ბიძია, დრო დაგვიდგა ასეთი, წყეული დრო. თქვენში ამბობენ: დათვი თუ მოგერია ბაბა უნდა დაუძახოო... ჰოდა, მოგვერია ბატონო, დათვიც და ტურაც... აფხაზიც და გააფხაზებულიც... ისინი დიდ-პატარიანად იბრძვიან, ქალიც და კაციც, მოხუცი თუ ბავშვი, თქვენ კი... - საშკა, ლომოურის გამაფრთხილებელ მზერას წააწყდა და გაჩუმდა.
   დრო საოცარი სისწრაფით გადიოდა, აფხაზური მხარე დუმდა... ქალი არ მოდიოდა, დათქმულ ადგილზე.
   - გელა, თუ ის ქალი არ მოვიდა, მაშინ შენ უნდა შეხვიდე იმათ ბანაკში... - გამომცდელი ღიმილით უთხრა დათომ.
   - რაო? - გაოცებისგან წარბები ისე აეწია მაღლა, გეგონებოდათ შუბლზე მიეწებაო. - რომელი შტერი მე მნახე, რომ, თავისუფლად შევიდე აფხაზების ბანაკში და მოლაპარაკება ვაწარმოო ტყვეთა გაცვლაზე, ა?
   - ჰო, კარგი, დაწყნარდი!.. - დაამშვიდა ლომოურმა. - არ მოდიან, მოგვატყუეს ალბათ, ა? - ჩუმად გადაულაპარაკა მან ახლა საშკა სლავინს.
   - ცოტა ხანი დავიცადოთ, კიდევ. თუ არ გამოჩნდა ვინმე შევალ მაშინ მე... რუსის ოფიცერს არ მესროლონ იქნებ...
   - რატომ? - შეაწყვეტინა გელამ. - ბავშვი მანქანაში გვყავს... ასეც რომ არ იყოს, რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ მათკენ მიმავალი ყველა ბილიკი დანაღმული იქნება? გინდა სიკვდილს შენი ფეხით მიუხვიდე?..
   - გახედე, რაღაცას მაიმუნობენ ეგ მამაძაღლები. - და თემურმა დიდი სამხედრო ბინოკლი შეაჩეჩა ხელში ლომოურს.
   დათომ უხმოდ გამოართვა ბინოკლი,  იქვე ბუჩქებს შორის ჩსჯდა და კარგა ხანს ზვერავდა აფხაზების პოზიციებს.
   - ხედავ? - ჩუმად ჰკითხა თემურმა.
   კიო, თავი დაუქნია დათომ. კბილებამდე შეიარაღებული ორი აფხაზი ბოევიკი მათკენ მოემართებოდა. ქალი კი აღარსად ჩანდა. ერთი სრულიად ახალგაზრდა იყო, მაღალი, სუსტი, გამხდარი. მეორე საკმაოდ მობერებული, საშუალო ტანი, წვერმოშვებული...
   ახალგაზრდა ხელებს, რატომღაც, მაგრად მუშტავდა და თვალებს ფოცხვერივით აცეცებდა აქეთ-იქეთ. ხანშიშესულიც როგორღაც საეჭვოდ ირჯებოდა. უფრო აქეთ, ბილიკის გადასახვევთან ბუჩქნარებში ჯგუფ-ჯგუფად ჩამალულიყვნენ შეიარაღებული აფხაზები და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები.
   - გვატყუებენ დათო, ეს ძაღლიშვილები, დამიჯერე, ჩასაფრებასა და მოულოდნელ თავდასხმას გვიწყობენ, აი, ნახავ...
   თემური სახეში შესცქეროდა ავღანეთის ომის გმირს და როგორღაც ნერვიულად იღიმებოდა. დათო ხმას არ იღებდა, ჩუმად  იყო თავისთვის და თემური მიხვდა, იგი მის ნათქვამს უკირკიტებდა. ლომოურს, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, ასეთ ამბებში საკმაო გამოცდილება ჰქონდა, თანაც ბუნებრივი ნიჭისა და სწრაფად აზროვნების საოცარი უნარის წყალობით შექმნილ მდგომარეობას ადვილად უღებდა ალღოს და მუდამ სწორ პოზიციას იკავებდა.
   დრო გადიოდა, საფრთხე ახლოვდებოდა, აფხაზი ბოევიკები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. ქალი კი, არა და არ ჩანდა.
   თეონას მამიდაშვილი ადგილს ვერ პოულობდა. აფხაზებთან  შეხვედრაზე ფიქრობდა და მათთან დალაპარაკების სურვილი სწვავდა.
   - მე, არ წავალ აქედან, ბიჭებო, სანამ მამაჩემზე ერთ სიტყვას მაინც არ გავიგებ...
   ამ დროს აფხაზთა მხრიდან გამოჩნდა ლომოურის მიერ წინა დღეს შეგზავნილი ქალი. თეთრი ნაჭერი ჩამოეცვა ჯოხზე და დროშასავით მოაფრიალებდა.
   ეს ქალი, ომის დაწყებამდე, მაჭარის ფოსტაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების დამხარისხებლად იქვე ახლოს ცხოვრობდა ხუთსართულიან სახლში. ქმარი გუდაუთაში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. მამამთილი და უმცროსი მაზლი კოჩარის ზემოთ, სოფელ ქეთევანაში ცხოვრობდნენ. თვითონ პატარა ბიჭუნასთან ერთად მაჭარაში დარჩა.
   მას მამამთილისა და ახლობლების მეშვეობით უნდა მოეძებნა გაგრელი ინჟინერი, შალვა ჟვანია, რომელიც ომის დაწყებისას დარჩა აფხაზების ტერიტორიაზე.
   ასეთი დავალებით იყო ახალგაზრდა აფხაზი ქალი შეგზავნილი აფხაზთა ბანაკში. შეუსრულებლობის შემთხვევაში თავისი საკუთარი შვილის ცოცხლად დარჩენის არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდა უბედურ დედას.
   და, აი, პირობის თანახმად, დაგვიანებით, მაგრამ ქალი მაინც გამოჩნდა. ორი აფხაზი ბოევიკი, რომელიც მას მოაცილებდა ორმოციოდე მეტრის მოშორებით შეჩერდა.
   თითქმის სირბილით მოდიოდა, შიშისაგან აკანკალებული და თმებაწეწილი ქალი, რომელსაც შვილი ჰყავდა მტერთან მძევლად დატოვებული...
   - ცოცხალია, თქვენი კაცი!.. - მოსვლისთანავე წამოიძახა მან. - ტყვარჩელში გადაუყვანიათ... ტყვეთა ბანაკში... - ქალს შიშისაგან სახე გასთეთრებოდა, სულს ძლივს იბრუნებდა.. - ჩემმა მამამთილმა მითხრა შეიძლება რამე მოვახერხოო, მაგრამ, ახლა ამის დრო არ არისო...
   - ხომ გითხარი, დათო! რაღაცას  მაიმუნობენ ეგ ძაღლიშვილები-მეთქი! - თვალები დაუბრიალა თემურმა აფხაზ ქალს.
   - დაწყნარდი, თემუკა!.. - შედარებით მშვიდად წარმოთქვა ლომოურმა. - როგორ და როდის მოხვდაო, ტყვარჩელში? - თვალებში შეაცქერდა აკანკალებულ, ოდესღაც ამაყი შესახედაობის შავგვრემან ქალს,  რომელსაც საოცრად წვრილი წარბები მოგრძო, სწორი ცხვირი ჰქონდა.
   - კოჩარის აღებამდე სოფელ ქეთევანაზე ცოტა ჰყოლიათ ქართველი ტყვეები. მათ შორის თქვენი კაციც ყოფილა. ჩემი მამამთილი პირადად ნაცნობა, თურმე... აფხაზებმა კოჩარა რომ დაიკავეს, ტყვეთა უმეტესი ნაწილი ტყარჩელში გადაუყვანიათ... მამამთილი და ჩემი მაზლი დამპირდნენ ყველაზე მეტი ორ კვირაში გაგიგებთო ყველაფერს... ახლა კი, მაგის დრო არ არისო...
   - რატომ არ არისო?! - გაკვირვებით ჰკითხა ლომოურმა.
   - არ ვიცი... მე არაფერი არ ვიცი...
   ლომოურმა თავი მაღლა ასწია. ცეცხლივით უციმციმებდა გაკვირვებული თვალები. მცირე ხანს ზვერავდა ხან ერთ, ხან მეორე აფხაზ ბოევიკს, რომელნიც ორმოციოდე მეტრის დაშორებით იდგნენ იარაღში ჩამჯდარნი. ისინი მართლაც საშინლად ჰგავდნენ გაბოროტებულ ნადირს, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო ყოველნაირი ვერაგობა.
   უცებ ზურგის მხრიდან რამდენიმე ქართველი მებრძოლი გამოჩნდა ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულნი.
   გელამ შორიდანვე იცნო მოხალისეთა ჯგუფის მეთაური გუჯა გერლიანი, მისი უფროსი ძმა, ვალერა, დრანდელი სლავიკა ჟვანია, ზემო ფშაფელი ჯამბულ ქებურია და ორი პატარა სვანი ხვიჩა და გოჩა სუბელიანები.
   - ბიჭებო არ დაუჯეროთ ამათ არც ერთი სიტყვა... - მოახლოვებისთანავე თქვა გუჯა გერლიანმა. - აპაჩები არიან ეგენი... მოსალაპარაკებლად მიიტყუებენ ჩვენს ბიჭებს, ვითომ ტყვეების გაცვლაზე თანახმანი არიან მერე თავს ესხმიან ვერაგულად მოტყუებულ ქართველ მეომრებს. ან კიდევ ფულის გამოძალვის მიზნით, სხვა რამე მაიმუნობას მოიგონებენ ეს ავაზაკები, ესენი...
   მოხალისეთა ჯგუფის მეომრები არც თუ ისე ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ...
   - სულ ესაა თქვენი რაზმი? - ხუმრობანარევი ღიმილით ჰკითხა ლომოურმა მოწინავეს და პატარა სვანებს ალმაცერად გადახედა. ყველაზე პატარა, ხვიჩა სუბელიანი ჩვიდმეტი წლისა თუ იქნებოდა, მეტის არა.ავტომატი მხარიღლივ გადაეკიდა და იმ მხარეს იხრებოდა მალი-მალ, რომელ მხარესაც „ლიმონკები“ ჰქონდა წელზე ჩამოკიდებული, მათი სიმძიმე თუ აწუხებდა საბრალოს, სულს ძლივს იბრუნებდა. 
   - არა, ოცამდე კი ვართ, მაგრამ სამ ჯგუფად ვართ დაყოფილი... - მიუგო გუჯა გერლიანმა. - ამ ტურებზე ვნადირობთ... ცოტა ხნის წინათ, ჩვენი ახლო ნათესავი და ძმაკაცი, ჯამბულ გერლიანი მოგვიკლეს, ამ ძაღლის შვილებმა. კვიტოულში აიყვანეს ტყვედ და აკარმარაში აწამეს, შემდეგ დახვრიტეს... დედა და ფეხმძიმე ცოლი დარჩა მაჭარაში... მათ ცოცხალი ჰგონიათ დღესაც... არა და სამჯერ შევგზავნეთ კაცი იმათ ტერიტორიაზე... გვატყუებენ სულ, ათას რამე მაიმუნობას მოიგონებენ, დროის გასაყვანად ან კარგა გვარიანი სარგებლის მისაღებად...
   ბოლოს ერთ მკვდარში სამი მოხუცი აფხაზი შევთავაზეთ, მაგრამ მოხუცები რად გვინდაო, და ახლოს არ გაგვიკარეს. ახალგაზრდა აფხაზებზე ვნადირობთ ახლა, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად ვერ დავიჭირეთ... 

ავტორი  ნუგზარი  ქებურია
   

         (გაგრძელება იქნება აქვე)