სიცოცხლეზე და სიკვდილზე მეტად ნაწილი II

გელა გულრიფშის ცენტრალურ საავადმყოფოში იწვა, როცა პალატაში სრულიად ნორჩი მედიცინის და შემოვიდა. თეთრ ხალათში, საოცრად მომხიბვლელი და უსაზღვროდ მშვენიერი იყო. ავადმყოფმა ბიჭმა ერთი წამით წარმოიდგინა მის მკლავზე გადაწოლილი, თმა ჩამოშლილი ანგელოზი. თავი ძლივს შეიკავა, რათა ხელი არ მოეხვია და გულში არ ჩაეკრა. მაგრამ ქალიშვილის ხელში ნემსის დანახვაზე მოიღუშა, უხალისოდ შებრუნდა, ნიფხავი ჩაიწია და სანამ თვალებს დახუჭავდა ჩუმად ჰკითხა:
- რა გქვია?
- როზიტა.
- როზიტა აფხაზური სახელია, არა?
- ჰო, დედა რუსი მყავს, მამა აფხაზი, მაგრამ, ეხლა, ამ ოთახში, აფხაზი ქალიშვილი კი არა ვარ, არამედ მედიცინის და, მხოლოდ შენი მკურნალი... გესმის?
- როგორ არ მესმის, როცა ამხელა საავადმყოფოში თავგატეხილი ბიჭი გამოუცდელი მედიცინის დის იმედად ვარ მიტოვებული...
ქალიშვილს უნებურად გაეღიმა. მთლად დაბლა დაიხარა, რომ ავადმყოფის საჯდომზე ყოველი ხაზი კარგად გაერჩია და ნემსი უმტკივნეულოდ გაეკეთებინა.
- ვაი, დედიკო!.. - იღრიალა ჭაბუკმა, როცა ნემსის ჩარჭობა იგრძნო. - არ მეგონა ასეთ ახალგაზრდა და მშვენიერ მედიცინის დას ასეთი მწარე ხელი თუ ექნებოდა.
- ყმაწვილო, თუ მაიმუნობას არ შეეშვები, ამ ნემსს ჩაგიტოვებ უკანალში, გესმის? - უთხრა ქალიშვილმა და მოიღუშა, რაკი ხედავდა ამ ავადმყოფი ბიჭის გამოხედვას, რომელიც მაღალი სიცხისგან, მოურიდებელი აელვარებული თვალებით ათვალიერებდა მის ყველაზე უფრო საკრძალავ ნაკვთებს...
- რამ გაგაგიჟათ, მედიცინის დაიავ? ვერა ხედავთ თვალები სიმწრისგან დახუჭული რომ მაქვს?
- ნუ ეშმაკობ, შენ ჩემს ფეხებს ათვალიერებ...
- შენი მრუდე ფეხები, რა ჩემ ფეხებად მინდა? მზეთუნახავი ხომ არ გგონია შენი თავი?
- შენ თვითონ ვინ გგონია შენი თავი? - კითხვა შეუტრიალა ქალიშვილმა ბრაზიანად და ოთახიდან სწრაფად გავიდა. მაგრამ წყენა დიდხანს არ გაჰყოლია. საღამოს აფხაზი ქალიშვილი საწოლის კიდეზე იჯდა და შეწუხებული დასცქეროდა ავადმყოფ ბიჭს, რომელიც მძიმედ სუნთქავდა. იგი გუშინდელი ავტოავარიის შემდეგ ჯერ კიდევ შოკში იყო, მიუხედავად ამისა მცირე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ბადრი ქარდავამ თავის განყოფილებაში გადმოიყვანა თავისუფალ პალატაში დააწვინა და ლამაზი მედიცინის დაც მიუჩინა.
გელა ძლიერი აგებულების ბიჭი იყო, და როზიტას, როგორც ქალიშვილს, მასში სიძლიერე და ვაჟკაცობა ხიბლავდა. ყოველ შემოსვლაზე მის წინ ლოგინზე ჩამოჯდებოდა, დიდხანს ეტიტინებოდა რამერუმეებზე, თან ლამაზად აჩენდა თავისი მშვენიერი სხეულის ნაკვთებს, ხან თეთრი ხალათის ღილი გაეხსნებოდა, საიდანაც ქათქათა, ქალწულებრივი მკერდი გამოუჩნდებოდა, ხან ვითომდა უნებურად თმა გაეშლებოდა, თან ალერსიანი ცქერით ათვალიერებდა ვაჟს და წყნარად ირიდებდა მის აკანკალებულ ხელთა ფათურს.
- ეშბას ქუჩიდან ხარ? - ჰკითხა გელამ.
- საიდან იცი, რომ ეშბას ქუჩიდან ვარ? - გაუკვირდა როზიტას.
- შენმა დაქალებმა მითხრეს, ქირურგიული განყოფილებიდან, მე ხომ პირველად იქ მიმიყვანეს?..
- კიდევ რა გითხრეს, ჩემმა დაქალებმა? - კითხვა სწრაფად შეუტრიალა ქალიშვილმა, რომელსაც ისე დაბლა დაეხარა თავი, რომ მისი ნაზი და თანაც მწველი სუნთქვა ვნებიერად უღიტინებდა ვაჟის შუბლს.
- მეტი არაფერი. - მიუგო გელამ. - ზღვიდან შორს არის შენი სახლი?
- ერთი კილომეტრი იქნება.
- დედაშენი სად მუშაობს?
- მეჩვიდმეტე სკოლაში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. - უთხრა როზიტამ და წასვლა დააპირა, მაგრამ ავადმყოფმა ხელი ხელში ჩასჭიდა და არ გაუშვა.
- ცოლად გამომყვები?
მედიცინის და მოულოდნელობისაგან მოიღუშა, შემდეგ უნებლიეთ გაეცინა.
- რა გაცინებს?
- არაფერი... - ქალიშვილმა შუბლზე მიადო ხელი ავადმყოფ ბიჭს და ეშმაკური ღიმილით თქვა: ძალიან ცხელი ხარ... ამიტომაა რომ გაბოდებს, ალბათ.
- სერიოზულად გეუბნები. მითხარი, წამომყვები თუ არა?
- რატომ არ წამოგყვები, თუ დედაშენი არ გაგიწყრება...
- არ გამიწყრება... - ჩქარად და მოკლედ მოუჭრა ავადმყოფმა.
- კარგი რა, გამიშვი...
- მაკოცე და გაგიშვებ!..
მედიცინის და ისევ მოიღუშა.
- სანამ არ მაკოცებ, არ გაგიშვებ! - მტკიცედ გაუმეორა ვაჟმა.
ქალიშვილი ლოგინზე შეირხა, მორცხვად შებრუნდა ავადმყოფი ბიჭისკენ, რომელსაც გახსნილი ხალათიდან ვაჟკაცური მკერდი მოუჩანდა და ქალიშვილი თითქოს საკუთარ სხეულში გრძნობდა სისხლი როგორ უჩქეფდა ამ ჯანსაღსა და დაკუნთულ სხეულში. უცებ დაიხარა, ლოყაზე მსუბუქად აკოცა გაჯიუტებულ ბიჭს და პალატიდან თვალის ერთ დახამხამებაში გაუჩინარდა.
შუადღეს ისევ შემოვიდა, ავადმყოფ ბიჭს ნემსი გაუკეთა, წამალი დაალევინა და წავიდა. პალატის კარებში შედგა, გელას მოხედა:
- შენ, სულ აქ უნდა იჯდე, პალატაში?
- აბა რა ვქნა, ავად რომ ვარ?
- ავად ხარ, მაგრამ... არც ისე... რომ პალატაში იჯდე.
- როზიტა, შენი არ მიკვირს? წუხელ არ მითხარი, შენთვის ჯერ ადგომა, არ შეიძლებაო?
- მე გითხარი, ჩემს სამორიგეო ოთახში შემოსვლა არ შეიძლება-მეთქი, გესმის? - და ქალიშვილმა პალატის კარი მიიხურა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ქალ-ვაჟი სამორიგეო ოთახში ტახტზე ისხდნენ, ძალიან ახლოს ერთმანეთთან.
ყმაწვილი მედიცინის და ძალიან თავდაჭერილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველ ქალწულში არსებობს თანდაყოლილი სწრაფვა ყოველივე ძლიერისა და ლამაზისადმი, ხოლო ძალა და სილამაზე გელას ნამდვილად არ აკლდა. ქალიშვილი არწმუნებდა თავის თავს რომ ამ ავადმყოფი ბიჭის სიყვარული სისულელეა და მეტი არაფერი, ვინაიდან რამდენიმე დღეში კარგად გახდება, გამოწერენ და წავა თავის სახლში, როზიტა კი დარჩება უნუგეშოდ შეყვარებული. მაგრამ რა ექნა? მისი ავადმყოფი ბიჭი აფრქვევდა ისეთ მაგნიტურ ძალას რომ აფხაზ ქალიშვილს გონებას აკარგვინებდა და მთელი ძალით იზიდავდა მისკენ.
სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მთელმა საავადმყოფომ იცოდა მათი სიყვარულის ამბავი, ყველა სართული, ყველა პალატა ავადმყოფ ბიჭზე და მის მედიცინის დაზე ლაპარაკობდა...
დაქალები როზიტას ჩუმად აფრთხილებდნენ, რომ იმ ავადმყოფი ბიჭის პალატაში ღამღამობით ნუ რჩებიო, თორემ ერთ მშვენიერ ღამეს არც იმისი ძალა გექნება და არც სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიო, და ისევე დანებდები, როგორც ვნებდებით ყველანიო.
მაგრამ ყმაწვილ მედიცინის დას ის ავადმყოფი ბიჭი ახლა მთელ ქვეყანას ერჩივნა.
გელა კი ახალი პაემანის მოლოდინში თავისი პალატიდან სამორიგეო ოთახამდე მთელი საღამო წინ და უკან დადიოდა. მაგრამ...
საღამო ხანს ქალბატონი ქეთინო მოვიდა ავადმყოფი ვაჟიშვილის სანახავად. გელასათვის დედის მოსვლა ზეიმი იყო, მაგრამ, მისმა დედიკომ თეთრეული, რომ გამოცვალა, რატომღაც თავი საეჭვოდ გაიქნია და თავისი ბიძაშვილის, ბადრი ქარდავას კაბინეტისკენ უსიტყვოდ გაემართა.
გელა დაიბნა. გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას და არ იცოდა რა ეღონა. გვიანი იყო, დედამისი უკვე ექიმის კაბინეტში იჯდა და რაზე ლაპარაკოპდნენ ღმერთმა იცის.
- ბადრი, მომისმინე, არ მომწონს მე თქვენი მედიცინის დის გადამეტებული ყურადღება, ჩემი შვილის მიმართ... - უთხრა ავადმყოფი ბიჭის დედამ, ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით.
- კარგი ახლა თუ ქალი ხარ!.. - მიუგო ბიძაშვილმა დამცინავი ღიმილით.
- სიმართლეს გეუბნები, შუაღამისას ჩემი შვილის პალატაში რას დაძვრება თუ პატიოსანი გოგოა?
- ახალგაზრდები არიან, ერთმანეთი უყვართ... შენ რა, დაგავიწყდა ამბაკოს როგორ ჩაუხტი მანქანაში?
- მე არ გეხუმრები, ბადრი, გესმის?
- მესმის, ჩემო ქეთი, მაგრამ მე ექიმი ვარ და მათი სიყვარულის ამბავი ჩემზე არ არის დამოკიდებული... მათ პირად ცხოვრებაში მე რა უფლებით ჩავერიო? თანაც იცოდე ჩემო კარგო, რომ აფხაზი ქალიშვილი ლამაზია და ძალიან ჭკვიანი, წყნარი, ნიჭიერი, ჯანმრთელი და დიდი მომავლის მქონე, იშვიათად დაეცემა ბიჭს ასეთი ბედი და ფრთხილად იყავით ქალბატონო!..
- შენ რა გენაღვლება? - და ქალმა ცხვირსახოცი თვალებთან მიიტანა.
- აბა რა გინდა შენ, ჩემო ქეთი? ერთხელ კიდევ ამიხსენი...
- მითხარი მაინც, თუ კაცი ხარ, რომელი მედიცინის და უყვარს ჩემს შვილს? მანახე ერთი!
ანაზდად ქალი შეკრთა. კაბინეტის ღია ფანჯარას სწრაფად ჩაუარა როზიტამ, ბადრი ქარდავამ შორიდან იცნო მისი მხრები და ამაყი მიხრა მოხრა, კიბის ჩასასვლელთან მოიხედა და გაიქცა, აწეწილი თმა ქარმა აუფრიალა, იგი გაზაფხულივით ნორჩი და ლამაზი იყო...
ექიმის კაბინეტიდან გამოსული დედა გელას რასაც ელაპარაკებოდა, ყველაფერი აღელვებდა, მაგრამ განსაკუთრებული მოუთმელობით ელოდა, თუ რას ეტყოდა იგი მის აფხაზ შეყვარებულზე.
- შენი როზიტა ვნახე, ჩემო კარგო, - უთხრა დედამ შვილს. - ლამაზი კი არის, მაგრამ...
- მაგრამ რა, დედა?
- ერთი ნაკლი აქვს, მორიდების და სიმორცხვის ნატამალი არ გააჩნია. მაგრამ ამას არა უშავს... - და აცრემლებულმა ქალმა გულში ჩაიკრა შვილი.
ეს იყო ივლისის ბოლო დღეები. აგვისტოში ომი დაიწყო. სექტემბერში აფხაზი ეროვნების მოსახლეობა მასიურად ტოვებს ქალაქს. მათ შორის როზიტაც თავის მშობლებთან ერთად.
- ჩემო ანგელოზო, ნეტავ იცოდე, როგორ მიკლავს გულს შენთან განშორება! ეს ომი რომ არა, შენზე დიდი სიამოვნებით გავთხოვდებოდი...
- როზიტა, მამაშენს რომ სთხოვო, მე მგონი, არ დაგაძალებს აქედან წასვლას... ცოტა მოიცადეთ... ნუ წახვალთ... ვინ იცის, იქნებ ქართველებმა და აფხაზებმა საერთო ენა გამონახონ და...
- არა, გელა, მე არ შემიძლია ჩემს მშობლებს ურჩობა გავუწიო და ამ საბედისწერო ჟამს მარტო მივატოვო ისინი... - უთხრა ქალიშვილმა და კისერზე ჩამოეკიდა სატრფოს, რომელსაც რომელსაც უკვე ქართული ეროვნული გვარდიის სამხედრო ფორმა ეცვა. - მე უნდა ჩემს მშობლებს დავემორჩილო გელუკა...
თითქმის ბნელოდა, როცა აფხაზი ქალიშვილი და ქართველი მეომარი ბიჭი გუმისთის ხიდთან უკანასკნელად გამოეთხოვნენ ართმანეთს. დაღონებული ბიჭი იდგა შუა ხიდზე და ნაღვლიანად გაჰყურებდა აფხაზ ქალიშვილს, რომელიც თავის მშობლებთან და სხვა აფხაზ მოსახლეობასთან ერთად ტოვებდა სოხუმს... 

 

ავტორი  ნუგზარ ქებურია 

გაგრძელება იხილეთ აქ _