ვასილისკო წყარო

წმინდა სოფლის შუაში (ჩრდილოეთით) მთის ძირში უზარმაზარი ქვის ლოდების ქვევიდან, გამოედინება ყველასათვის ცნობილი სასწაულმომქმედი წყარო. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 308 წელს აწამეს კაბადოკიელი მღვდელთმთავარი, წმინდა თეოდორე ტირონის ძმისწული, წმინდა ვასილისკო.

წმინდა მოწამე ვასილისკო წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო. იგი მეოთხე საუკუნეში, იმპერატორ მექსიმიანე გალერიუსის დროს, მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

ქრისტიანთა დევნის დროს წმიდა ვასილისკო დააპატიმრეს. საპყრობილეში მყოფ წმიდანს უფალი გამოეცხადა, რომელმაც დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ იგი მოწამეობრივად აღესრულებოდა კამანში (სოფელი სოხუმთან ახლოს). წმიდანმა დილეგის დარაჯებს ოჯახთან გამოსამშვიდობებლად მშობლიურ სოფელში გაშვება სთხოვა. დარაჯებმა, რომლებიც წმიდანს აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრების გამო დიდ პატივს სცემდნენ, მას თხოვნა შეუსრულეს.

ქალაქ ამასიის მმართველმა ეს ამბავი რომ შეიტყო, საშინლად განრისხდა და საპყრობილეს მცველები სასტიკად დასაჯა. წმინდა ვასილისკო კი კვლავ დილეგში დააბრუნა. იქ წმიდა მოწამეს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე ლურსმნებით მოჭედილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კამანში გადაასახლეს.

სიცხისგან შეწუხებული მგზავრები გზაზე ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდა ვასილისკო კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. ბორკილებდადებული წმიდანი უფალს მხურვალედ ევედრებოდა, გაეძლიერებინა იგი. მოულოდნელად ზეციდან ხმა გაისმა: "ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!" უეცრად მიწა იძრა, კლდე გაიპო და იქიდან წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრისგან შეშინებული ჯარისკაცები, მათი მეთაური და იმ ოჯახის დიასახლისი გარეთ გამოცვივდნენ და, მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა, წმინდა მოწამე გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და მისგან კურნებას ღებულობდნენ.

ბოლოს წმიდა მოწამეს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. "მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს", - იყო მისი პასუხი. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი ფერფლად აქცია. ამის შემდეგ წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადაგდეს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს ქრისტეს მოწამეს წმიდა ნაწილები და პატივით დაკრძალეს. მალე იქ წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი აშენდა.

ინფორმაცია ობიექტზე
რეგიონი: სოხუმი
კამანი
ქუჩა:
ობიექტი: წმინდა ადგილები