Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/ganakhleba.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630

გაგრა

02 Apr, 2019

გაგრა

გაგრა - ქალაქი საქართველოში,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის ზონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში, გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე. გაგრის ზონის ტერიტორია - 772,4კვ.კმ.  მანძილი თბილისიდან გაგრამდე -  534 კმ, მანძილი სოხუმიდან გაგრამდე - 90 კმ.

შუა საუკუნეებში მას „გაგარი“ ეწოდებოდა, რაც ძველ ქართულში „ხეობაში ვიწრო გასასვლელს“ ნიშნავდა. ქართულ წყაროში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში. ძველად აქ, ზღვის პირას, გზა გადიოდა, რომელიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს საქართველოსთან და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებდა. XIV-XV სს. იტალიურ და კატალონიურ რუკებზე აღნიშნულია ფორმით.

გაგრის ტერიტორია პალეოლითის ხანიდან არის დასახლებული. II საუკუნის ავტორის, კლავდიოს პტოლემაიოსის მიხედვით, თანამედროვე გაგრის ტერიტორიაზე სვანოკოლხები სახლობდნენ. V-VI საუკუნეებში ის, როგორც მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყალიბდება.   ფეოდალურ ხანაში გაგრა საქართველოს ერთ-ერთ ნავსადგურს და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა.

1801 წელს აღმოსავლეთ საქართველო რუსეთს შეუერთდა. აფხაზეთის მთავრის თხოვნით სოხუმის ციხესიმაგრე რუსულმა ფლოტმა დაიკავა. დიდი აფხაზეთი (ენგურიდან ბზიფამდე) ოფიციალურად რუსეთის ნაწილი გახდა. მის მთავრად საფარ-ბეი შერვაშიძე (ჩაჩბა) დაინიშნა, თუმცა მცირე აფხაზეთმა (ბზიფიდან ხოსტამდე), რომლის ნაწილი გაგრაც იყო, საფარ-ბეი არ აღიარა და ის კიდევ 20 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი რჩებოდა.

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან გაგრა უკვე მშვენიერი ქალაქია. გაშენდა და გამწვანდა ბულვარი, მის გარშემო გაჩნდა სოფლები, თუმცა მოსახლეობა ჯერ არ იყო მრავალრიცხოვანი. 1866 წლის მონაცემებით აქ 336 მამაკაცი და 280 ქალი ცხოვრობდა. 

1904 წელს გაგრა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოეყო სოხუმის ოკრუგს და  გადაეცა შავი ზღვის ოკრუგს. ქალაქის  აღმშენებლობა და მისთვის თანამედროვე სახის მიცემა  პრინც ალექსანდრე ოლდენბურგსკის სახელთან არის დაკავშირებული. ამიერკავკასიის მთავრობის ხელმძღვანელების,  აკაკი ჩხენკელისა და ევგენი გეგეჭკორის  ძალისხმევით  1917 წლის 6 დეკემბრიდან  გაგრა კვლავ სოხუმის ოკრუგს დაუბრუნდა და ასე იქნა შენარჩუნებული საქართველოს შემადგენლობაში. 

გაგრას დამსვენებელთა დიდი ტალღა XX საუკუნის დასაწყისიდან მოაწყდა. 1911 წელს მას უკვე ელიტარული კურორტის სტატუსი ჰქონდა და აქ უკვე გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ.

1921 წლის 21 თებერვლიდან გაგრა უკვე წითელი არმიის ხელში აღმოჩნდა. ლენინის სპეციალური დეკრეტით გაგრა „საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამკურნალო ცენტრი“ გახდა. ქალაქში გაიხსნა მალარიის საწინააღმდეგო ცენტრი.

გაგრა ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს.

30-იანი წლებიდან გაგრა მთელი წლის კურორტი გახდა. აშენდა მეტეოროლოგიური სადგური. დაიწყო სანატორიუმების აგება, ქუჩების კეთილმოწყობა. 1921-41 წლებში აფხაზეთის კურორტების კეთილმოწყობაზე სულ 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგრა ფრონტისპირა ქალაქი გახდა და ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა. ომის შემდეგ კურორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღევანდელ სახეს უკვე 1970-იან წლებში იღებს ერთ-ერთ უდიდესი სანატორიუმის „კავკასიონის“ აშენებით. ამ პერიოდში ახალ გაგრაში თერმულ-მინერალური წყალი აღმოაჩინეს და ბალნეოლოგიური კომპლექსი გახსნეს.

1992 წლის 2 ოქტომბრიდან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

 გაგრის მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობებიდან გამოირჩევა :

  • ძველი გაგრის ცნობილი ტყე–პარკი, რომელიც მდიდარია მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხეებით, სუბტროპიკული მცენარეებით, ლამაზი ხეივნებით, შადრევნებით და აუზებით.
  • გაგრის მიდამოებს 3 ულამაზესი ხეობა ამშვენებს. ესენია: ჟოეკვარა, გაგრიფში და ციხერვა.
  • მთა მზიური (მამზიშხა), რომელიც  გაგრიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1883 მეტრზე მდებარეობს

ქ. გაგრაში და გაგრის ზონაში არსებობდა 25  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 7 ქართული, 4 აფხაზური, 7 რუსული და 7 სომხური იყო.

ობიექტები არ მოიძებნა