"გმირთა ვარამი"

01 თებ 2019

ნეტა, შენს ვაჟკაცურ გულში ჩამახედა მოყვასო ჩემო, აფხაზო! ალბათ როგორ გტკიოდა გული, როცა შენს თვალწინ გაზრდილ ფალავანს, შენთვისვე ბევრი სიხარულის მომნიჭებელს,  შენივე ტყვიით განგმირულს,  შენივე ხელით მიაყარე მიწა და სამხედრო პატივიც მიაგე ზალპით. ალბათ რამხელა ტკივილი განიცადე მაშინ, ვინ იცის როგორ უჩიოდი ბედის უკუღმართობას და მერამდენედ აგინებდი თქვენს შორის შუღლის გამღვივებელს და თქვენს შეცდომაში შემყვანებელს. 

ჩემო საქართველოს ღირსეულო შვილო, აფხაზო! ნეტა რა გქონდათ ორ სპორტსმენს გასაყოფი, ყოფილ ტრენერსა  და ჩემპიონ ფალავანს?! 

- არც არაფერი ძმაო ჩემო, არც არაფერი...

რაც გვეგონა, რომ გასაყოფი იყო ის დარჩება ამ ცოდვილ დედამიწაზე, ჩვენივე ცოდვებით კიდევ უფრო დამძიმებულ მიწაზე....რამეთუ სულ მალე არც არავინ დავრჩებით ამ ქვეყნად,არც კონფლიქტის გამღვივებელი და წამომწყები და არც მონაწილე, არც მსხვერპლი...  წავალთ ყველანი და დავტოვებთ ძმათა სისხლით მორწყულ მიწას!!! 

რაოდენ სასტიკია ადამიანი,  ვინც ომი მოგვახვია თავს... რა კატასტროფაა, როცა შენი ნამოწაფარი გეფეთება პირისპირ შენი ნასროლი ტყვით შუბლგახვრეტილი და ისიც წაჩოქილი, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე მოგაყრის ავტომატის ჯერს...  განა შენი გამოზრდილი მხდალი იქნებოდა?! განა შენ არ შთაუნერგე ვაჟკაცური სულისკვეთება და ბრძოლის უნარი, როცა დიდ სპორტულ კარიერას შეეჭიდა?! განა შენ პირველი არ იყავი მათ შორის ვინც მას გულშემატკივრობდა?!...

1993წლის 25 ივლისი- ბოლო საბრძოლო შეტაკება ე.წ. " სამშვიოდბო ზავამდე" ( 26 ივლისს დილით მატყუარა ზავი გამოცხადდა). 19 მებრძოლიდან მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი და ამბის მთხრობელი, ოღონდ იმანაც რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ შეძლო მოეთხრო თანამებრძოლების გმირული აღსასრულის შესახებ.  (ამ 18 ვაჟკაციდან მხოლოდ ორის სახელი და გვარია ჩემთვის ცნობილი გია გვილავა და მურთაზ გაბიძაშვილი, გთხოვთ მომაწოდეთ ინფორმაცია დანარჩენი მეომრების შესახებ.პატივისცემით ავტორი).

ასმეთაურს მურთაზ გაბიძაშვილს თავში მოხვდა სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია და წაიჩოქა, მაგრამ წაჩოქილსაც არ დაუგდია იარაღი და პირისპირ მომხვდურს დააცალა მთელი ჯერი. მის პირისპირ აღმოჩნდა მისი ყოფილი ტრენერი... 

აფხაზმა მებრძოლებმა (სხვებისგან განსხვავებით) პატივით დაკრძალეს მათივე ტყვიით განგმირული ქართველი ფალავანი... რა თქმა უნდა მალულად მოხდა ეს, იმ სიძულვილის და ღვარძლის მთესველებს,რომ არ გაეგოთ... 14 დღის შემდეგ ისევ მათ მიაწოდეს ოჯახს ინფორმაცია საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ... 

 ტყეში იყო დაკრძალული... ჩუმად შეიყვანეს მურთაზის ძმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ძმამ, მარტოკამ ზურგით ათრია ძმის ცხედარი,სანამ სამშვიდობოს არ გამოაღწია...

იმ დღეს გაქრა ღიმილი და ყოველგვარი სიხარული გაბიძაშვილების ოჯახში, მაგრამ მაინც დიდი ბედნიერება იყო, ის რომ მურთაზის საფლავი ეგულებოდათ. სამწუხაროდ ყველამ ვიცით რაც მოხდა და ისევ დაკარგა ოჯახმა მურთაზის საფლავთან მისასვლელი გზა... ორი წლის წინ დევნილ ოჯახს ცეცხლი მოეკიდა და სახლი დაიფერფლა... ფერფლად იქცა მურთაზის ფოტოები და ქვეყნის მთავარსარდლისგან მინიჭებული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენიც...  ოჯახს ეს გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოებიღა შემორჩა...

გეძებ მოყვასო ჩემო,  აფხაზო... გაფასებ გმირობისთვის... გაფასებ იმ რისკის გამო, რაც შენ მაშინ გასწიე... ყველამ ვიცით, ეს ამბავი რომ გამჟღავნებულიყო რაც მოგივიდოდა, მაგრამ შენმა ვაკაცობამ დაჩრდილა ყოველგვარი ბოროტება... 

- გეძებ მოყვასო ჩემო, აფხაზო... 

- გაფასებ ამ სიყვარულისთვის!!!