იხსენებენ თვითმხილველები - ,,სოხუმელი ქეთი"

 კვლავ ბედის ირონიით სანკტ_პეტერბურგში ვარ. გონებააწეწილი მივუყვები მდინარე ბევას სანაპიროს, ავტომობილების ჩარბენის ხმა ავტომატების კაკანივით ჩამესმის ყურებში. ხოლო ხიდების გახსნა გემის გატარება მაგონებს: ( როცა ზღვასთან მდებარე სკურჩის ტბაში გემი შემოიყვანეს თითქოს ტურისტული მიზნით, ხმა დაირხა რომ აფხაზებმა იარაღი შემოიტანეს იმ გემით, რომელზეც ახალდაბელიკაკო თუთისიანი და ბორის ჯიშკარიანი იმსხვერპლეს). ფიქრებში ასე გართული მსოფლიო ხელივნების მუზეუმს _ ,,ერმიტაჟს" მივაშურე განსატვირთად. მისი ექსპონატების ხილვამ არ შეიძლება ადამიანი დაძაბულობიდან არ გამოიყვანოს. ვესტიბიულთან ახალდაბელი ქალიშვილის _ ქეთინო მჭედლიძის სახე ვიცანი.

საიქიოდან დაბრუნებული ხარ! _ შევძახე მას და ერთმანეთს მამაშვილივით გადავეხვიეთ.
_ ეჰ, მე კი გადავრჩი, მაგრამ ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ. 

,,სოხუმელი ქეთი" _ ასე ეძახიან თბილისთი, მახათას მთის დასახლებაში მცხოვრებ, ოჩამჩირის ახალდაბელს, სიკვდილს სასწაულით გადარჩენილს, სათნო ქალს, სწორედ იმ ქეთინო მჭედლიძეს ლენინგრადში რომ შევხვდი.
_ რთულ საქმეს ვარ შეჭიდებული: მასალებს ვაგროვენ წიგნის დასაწერად. იქნებ გაიხსენოთ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული ის ტრაგიკული მოვლენები _ ვუთხარი ქეთის.
_ მე იმ პერიოდში ვმსახურობდი აქ, თბილისში: ჰაერსაწინაღო თავდაცვის პირველ სარაკეტო საზენიტო ბრიგადაში. როცა გავიგე ინფორმაცია ახალდაბის შესახებ, ერთი წუთითაც ვერ გავჩერდი, ჩვენი სოფელი ნადგურდებოდა _ წამით მოგონებებში ჩაიძირა და განაგრძო _ ჩემი ღვიძლი ძმა გია მჭედლიძე დანიშნული იყო სამხედრო პროკურორის თანაშემწედ სოხუმში. იმ დღეს, როცა სოფელი

 

იბომბებოდა, კუკური ახვლედიანის სახლისაკენ გაქცეულ ხალხთან ბავშვების ერთ ჯგუფს თურმე გია გადაეფარა. მან ყოველი კვადრატის დაბომბვა ადვილად გათვალა. ზურგში ძლიერ დაიჭრა. სწორედ 19 სექტემბერს. იგი სამჯერ გაიყვანეს დასახვრეტად. დედაჩემმა ვალიდა ლომსაძემ საკუთარი ჯანმრთელობა ვაჟიშვილის გადარჩენას შეალია. მან ყველა მეთოდით: ხვეწნა_მუდარით და ოქროთი გამოისყიდა შვილი ჩეჩენი ბოევიკებისგან. მერე ბიცოლაჩემმა მარგომ, რაც ძვირფასეულობა გააჩნდა იმით გამოისყიდა გია. ბოლოს ადგილობრივი აფხაზები შემოესწრნენ, რომლებმაც იცნეს ბიცოლა მარგო. თანაც დედაჩემს იმდენი სიკეთე ჰქონდა მათზე გაკეთებული, რომ. ჩემი ძმის გადარჩენის იმედი ნამდვილად გამყარდა. დედაჩემი მედიცინის ფერშალი იყო. სიკვდილის წინ იგი დაღუპული ბიჭების სულებს ელაპარაკებოდა. კვლავ ,,მზრუნველობდა" მათ. 

22სექტემბერი, 1993 წელი კარგად მახსოვს: მზე დასავლეთისკენ ეშვებოდა. თბილისის აეროპორტში გიჟივით შევრბივარ, თვითმფრინავში ვთავსდებით მე და ოცამდე ჩემი სამსახურის ბიჭები აღმოსავლეთ საქართველოდან. ისინი აფხაზეთში იყვნენ ნაბრძოლნი. ზოგი მათგანი სწორედ ახალდაბის მიშველებას შეეწირნენ. მოსაღამოვდა. თვითმფრინავი მგზავრებით გადაივსო, უკვე ვერავის იტევდა. გენადი ჭიჭინაძე, რომელიც იყო დაჭრილი (ტამიშთან დესანტის გადმოსხმისას) და თბილისში მკურნალობდა, სხვა რეისით გამოფრინდა. ხოლო ლაშა ჯაჭვლიანი გადაჭედილ თვითმფრინავში ისე ცუდად გახდა (მას ღვიძლი აწუხებდა), რომ იგი იძულებული შეიქნა ჩამოსულიყო და შემდეგ რეისს დალოდებოდა. მას გული დაწყდა, ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა.

თვითმფრინავში ჩემთან იყვნენ: ემზარ ხაინდრავა, დათო ჟორჟოლიანი და ემზარ თუთისანი. თვითმფრინავი ,,ტუ_154" ცის სიმაღლეში სოხუმისკენ ზღვისპირით, ნეიტრალური წყლის ზოლს მიჰყვებოდა. იყო საღამოს 7 საათი და 30 წუთი. ზღვაში გემზე ინათა _ იქედან გვესროლეს თბური რაკეტა. ჩვენი თვითმფრინავი ძლიერ შეინჯღრა და ყველაფერი გამოირთო. _ ბიჭებო მოგვარტყეს, ვეცემით ძირს! _ ამის თქმა. მოასწრო კაპიტანმა. შიგნით ცეცხლმა იფეთქა. პილოტმა ხომალდი ძლივს მიმართა ხმელეთისკენ. დანარცხებული თვითმფრინავი რამდენჯერმე გადატრიალდა. იმის გარდა რომ მგზავრები კვამლით მოიგუდნენ გადატვირთული იმ თვითმფრინავით წამოღებული ვაზნები და ხელყუმბარები ფეთქდებოდნენ. დაიღუპა_დაიწვა 160 კაცი. მათ შორის თანასოფლელები: ემზარი ხაინდრავა, დათო ჟორჟოლიანი და ემზარი თუთისანი. გადარჩა მხოლოდ 14 ადამიანი. მე ცეცხლმოდებულ თვითმფრინავში სადღაც სარკმელთან წვალებით შევფოფხდი და გონება დავკარგე. მერე. აგუძერაში არსებულ სოხუმის ჰოსპიტალში აღმოვჩნდი, სადაც საშინლად დამტვრეულს და სხეულდამწვარს ექთნები: ჯულიეტა ჩხაპელია და ნუნუ ბენიძე მივლიდნენ. ბოლოს ლენინგრადში მიმკურნალეს. 

გულრიფშის მაჭარკიდან კი წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ბოლო გემით გამოგვიყვანა. იმავე დღეს გულრიფშ-აგუძერა მტერმა აიღო. იქ დაღუპული ის ბიჭები დასაფლავებული აფხაზეთში არიან; კერძოდ სოხუმის აეროპორტთან ახლოს სოფელ ბაბუშერას სასაფლაოზე ორ მწკრივად. ხოლო ცალკეა დასაფლავებული იქ ადრე დაღუპული ახალდაბელი პატრიოტი ვაჟკაცი ალიკა ჩაკვეტაძე და კოტე ფანგანი. ომის დამთავრების შემდგომ წლებში იმ დაღუპულთა გვამების ამოღება და აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენება (ამოცნობა) დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი მალე შეჩერდა.

ნაწყვეტი  წიგნიდან ახალდაბა აფხაზეთში და ქართველთა ბედისწერის ისტორიები. 

 

ავტორი:ილუშა ნემსწვერიძე   

 

გააგრძელე კითხვა...