სიცოცხლეზე და სიკვდილზე მეტად

ქალიშვილმა სატრფო ვაჟკაცური გარეგნობით იცნო. ამ ავაზაკ რუსკაზაკთა ხროვაში ტყვედ ჩავარდნილი სათაყვანო კერპის ხილვამ გული სიმწრით აუვსო. ქართველ ტყვე ბიჭს კი ცოტნე დადიანივით ეჭირა თავი, ხელით რაღაც გაურკვეველ ნიშანს აძლევდა აფხაზ ქალიშვილს, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. როზიტა ველური ყვირილით მიიჭრა ტყვესთან, ხელი მაგრად ჩასჭიდა მკლავზე და იქიდან გამოყვანა დაუპირა, მაგრამ შუახნის რუსკაზაკმა თმაზე წაავლო ხელი და თვალები დაუბრიალა...
- ვის უბედავ! ღორო! - და ქალიშვილმა კივილით მოიშორა მისი ხელი.
კაზაკმა პირი დააღო და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ ამ დროს ვიღაც მოხუცი ქალი მათ შორის  ჩადგა და კაზაკ ბოევიკს მუშტი მოუღერა.
- აფხაზი ქალიშვილის წყენინება არ გაბედო თორემ!..
- ეს ბიჭი, ქართველი ტყვეა, ქალბატონო! - ენის ბორძიკით ამოილაპარაკა შუახნის, ველური გამომეტყველების კაზაკმა.
- მშვენივრად ვიცი, ვინც არის! - ატაკა როზეტამ ქედმაღლურად, თავისი ხვეული შავი თმები შუბლიდან გადაიწია და სიტყვის უთქმელად ორივე ხელით ძუ ფოცხვერივით ჩააფრინდა თავგზააბნეულ კაზაკს თმებში. მაგრამ რუსკაზაკი ღონიერი აღმოჩნდა და გააფთრებული ქალიშვილის მოშორება შეძლო. მაშინ როზიტამ იქვე ქვაღორღზე ძებნა დაუწყო დიდ ქვას, ერთი ნახტომით აიღო იგი და ისეთი ძალით ხეთქა თავზეხელაღებულ კაზაკს, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გაცვივდა.
- როზიტა, მოეშვი, თორემ... ეს ძალიან საშიშია... - უთხრა ტყვე ბიჭმა.
- ნუ გეშინია, გელა, თუ უბედობა გვიწერია, მეც შენთან ერთად მოვკვდები! - აღშფოთებით სავსე თვალები მიაპყრო ვაჟს, ერთ ხანს ასე უცქირა, შემდეგ კი მისკენ გაქანდა და მკერდში ჩაეკონა.
- ქალიშვილო, გაქვს თუ არა მეთაურის ნებართვა? - ჰკითხა ქერათმიანმა გუშაგმა, რომელიც ფუტკრის ნაკბენივით სახე გასიებული კაზაკის საზარელი ხმით დაყვირების შემდეგ მოვიდა.
როზიტამ ხელი უშვა ტყვე ბიჭს და უმალ შემოტრიალდა. გაბედულად მიუახლოვდა მრისხანე გამომეტყველების ქერა ულვაშა კაზაკს, რომელსაც ხელში ავტომატი ეჭირა და ქორივით აცეცებდა ჭროღა თვალებს. მის უკან კიდევ ორი ჩრდილო კავკასიელი ბოევიკი იდგა. აფხაზმა ქალიშვილმა მათ ალმაცერად გადახედა და გადაწყვიტა მათ მეთაურს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა.
- თქვენ მე არ მიცნობთ? - და როზიტამ თვალები ისე დაუბრიალა, რომ გუშაგები, ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. აფხაზ ქალიშვილს დიდის გაკვირვებით შეხედეს, მაგრამ, ალბათ, მედიცინის დის თეთრი წამოსასხამისა და წითელი ჯვრის ჩანთის გამო ვერაფრის თქმა ვერ გაუბედეს.
სანამ მათი მეთაური აუხსნიდა ქალიშვილს ქართველი ტყვე ბიჭის განთავისუფლების შეუძლებლობას, როზიტამ ისე სწრაფად ჩაავლო ხელი ჭაბუკს და ისე ჩქარა გაქანდა წინ, რომ კაზაკებმა მათი შეჩერება ვერ გაბედეს. ქალ-ვაჟმა თითქმის სირბილით გაიარეს ასიოდე მეტრი და ხალხის ბრბოში გაუჩინარდნენ.
როზიტამ, როცა გუშაგებს მთელი არსებით გაუწია წინააღმდეგობა, მისი დაქალები იქვე შორიახლო იდგნენ, მაგრამ ქართველი ტყვე ბიჭის გასანთავისუფლებლად ბრძოლაში ჩაბმას ვერ ბედავდნენ.
- ხომ გეუბნებოდი, როზიტას შეყვარებულია-მეთქი? - ჩუმად გადაულაპარაკა ერთმა აფხაზმა ქალიშვილმა მეორეს, - ამ ბიჭის გულისთვის არ უნდოდა აქეთ გადმოსვლა და დედამისმა ძალით გადმოათრია გუმისთის ხიდზე. შენ კიდევ არ გინდოდა დაგეჯერებია.
- კარგი ბიჭია... - წაიჩურჩულა მეორე ქალიშვილმაც, რომელიც ქართველი ტყვე ბიჭის გარეგნობით წამსვე მოიხიბლა.
- კი, არა უშავს, მაგრამ ქართველია.
- როზიტა ცოცხალი თავით არ დაანებებს მას დასახვრეტად.
- დარწმუნებული ვარ, ახლა მის გადამალვას შეეცდება. ღამესაც მასთან გაათევს.
როზიტამ, როგორც კი კაზაკ მეომრებს გამოსტაცა ხელიდან ქართველი ტყვე ბიჭი, თავის მეგობრებს მივარდა:
ანჟე! ჩქარა! წადი და მანქანა მიშოვნე.
- რა მოხდა? - ვითომ გაიკვირვა ანჟელამ.
- უნდა მიშველო, ლოდინი აღარ შეიძლება. ახლავე უნდა მოვაშორო აქაურობას.
- კი, მაგრამ სად უნდა წაიყვანო?
- არ ვიცი! არაფერი არ ვიცი! მას რამე რომ მოუვიდეს თავს მოვიკლავ, იცოდე!
- კარგი, რად კანკალებ, ასე? დაწყნარდი!
- დამეხმარები?
- აბა, რას ვიზამ, განსაცდელში ხომ არ მიგატოვებ. მაგრამ სად უნდა წავიყვანოთ?
- დეიდაჩემთან...
- შეუძლებელია!
- რატომ?
- ჭკუას მოუხმე, მეგობარო! როგორ შეიძლება ახლობელი ადამიანის სახლში მიიყვანო საძულველი სტუმარი? ეგ ხომ საძრახისია გაუთხოვარი ქალიშვილისათვის!
- მე ქალიშვილი არ ვარ! მისი ცოლი ვარ! სიგიჟემდე მიყვარს!.. ანჟე! გემუდარები! მიშველე რამე?
- რა ვქნა? სხვა რომ არ იყოს რა, ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ, ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე. აბა, ვინღა უნდა დაგეხმაროს, თუ არა შენი ანჟე? - უთხრა ქალიშვილმა. იგი ლამაზი კი იყო, მაგრამ სხეული ჰქონდა რაღაც უშნო...
- რას ფიქრობ, გელა? - ჰკითხა როზიტამ მის მკლავებში მოქცეულ სატრფოს.
- შეგვეძლო აქედან გაქცევა გვეცადა. - უპასუხა ვაჟმა. - მაგრამ ეს საშიშია. მე ყველა მომაქცევს ყურადღებას, შეუმჩნევლად წასვლა გაგვიჭირდება. ხალხი აღელვებულია, იგი გამარჯვებაზე ფიქრობს და ყველა ქართველში, რუსის წყალობით, მტერს ხედავს. - გელამ მთლად აკანკალებულ ქალიშვილს შეხედა და ხმადაბლა, ნაღვლიანად დაუმატა. - იქნებ არ ღირს ვიღაც ქართველი ტყვე ბიჭის გულისთვის თავის ხიფათში ჩაგდება?..
- აჰ, რა სულელი ხარ, გელუკა, - წამოიძახა განაწყენებულმა ქალიშვილმა, - რისი გეშინია, სანამ მე ცოცხალი ვარ ვერავინ გახლებს ხელს. - როზიტამ მკლავზე ჩასჭიდა ხელი. - მე შენ შეგიყვარე და შენზე უკეთესი და ლამაზი არავინ მეგულება ამ ქვეყნად. შენა ხარ ჩემი ოცნების მამაკაცი და როგორ გგონია, უშენოდ ვიცოცხლებ?
- სად უნდა წამიყვანო, როზიტა?.. გიფიქრია ამაზე?
- ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ანგელოზო, ნუ გეშინია... ანჟელა მანქანას მოიყვანს და მალე, სულ მალე გაგიყვან აქედან.
როზიტა გაშმაგებით ეხვეოდა ტყვე ბიჭს. უძლიერესი ვნებით შეპყრობილი, ბავშვივით გულაჩუყებული ქალიშვილი იმდენად გულრწფელი იყო თავის საქციელში, რომ ვაჟმა ვეღარ შეიკავა თავი მთელი ძალით მიიკრა გულზე.
მათ ომის დაწყებამდე, ცოტა ხნუთ ადრე გაიცნეს ერთმანეთი... 

ავტორი  ნუგზარ ქებურია 

გაგრძელება იხილეთ აქ _